21.11.2026 23:24
ძალიან უნდა ვერიდოთ განკითხვას - ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა არის ურწმუნო და მთავრობა უნდა წავიდეს, ვინ მოვა მერე, არ ვიცი,- ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, რაც ცუდია, უნდა აღმოიფხვრას, ასევე, მეუფე სტეფანეს განცხადებით, უნდა დამყარდეს სიტუაცია, წესრიგი იქნება, არჩევნების დრო მოვა და ხალხი თავად გააკეთებს არჩევანს.
„ძალიან უნდა ვერიდოთ განკითხვას. რაღაცას იტყვი და გგონია რომ სიმართლეა. არც ასაბუთებ, უბრალოდ იტყვი და ბოლოს ეს სიტყვა შენ განადგურებს.
მე როგორ უნდა ვთქვა, ვიღაცა არ არის მორწმუნე, თუ ის აშკარა ღვთის გმობაში არ არის. თუ ხედავ, რომ ღვთის გმობაა, მაშინ იტყვი სიტყვას, მაგრამ როცა უბრალოდ ადამიანზე იტყვი, რომ ურწმუნოა, მე რა ვიცი, მე არ ვიცნობ და როგორ ვამბობ, რომ ურწმუნოა. შეიძლება ადამიანი რწმენაში არ იყოს იმდენად და ასე რომ ავიღოთ, მაშინ უმრავლესობა არ არის რწმენაში ისე, როგორიც უნდა იყოს მისი რწმენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ურწმუნოა. უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მეტი სჭირდება მას გულმოდგინება უფალთან მისასვლელად...უნდა შევუწყოთ ადამიანებს ხელი სარწმუნოებით გაძლიერდნენ. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა არის ურწმუნო და მთავრობა უნდა წავიდეს, ვინ მოვა მერე, არ ვიცი. როცა დღეს ამხელა ბრძოლაშია ჩვენი ხელისუფლება. გავხედოთ, რა ბრძოლაა გარშემო, რა დღეში არიან ის ადამიანები. მათ ოჯახებს დავაკვირდეთ. ცდილობენ საქართველო თავის გზაზე განაგრძობდეს სიარულს, ქრისტიანულ გზაზე. მათი ძალიან დიდი ძალისხმევით, (ყველა ერთად ვიყავით და იმიტომ) იქამდე მივედით, რომ გვაქვს ბავშვის დაცვის კანონი, რომ არ შეიძლება ბავშვისთვის უკუღმართი რაღაცების სწავლება, აღიკვეთა ეს. ისიც, რომ ვიღაცებმა ფული არ ხარჯონ ადამიანების დასაბნევად. იმისთვის, რომ ადამიანები სულ განკითხვაში იყვნენ, ვიღაც საიდანღაც ფულს ხარჯავს. ცდილობენ, ეს არასწორად დახარჯული ფული ჩვენ ადამიანებს არ აბრკოლებდეს. როგორაა ეს ხალხი ურწმუნო არ მესმის. რომელი მთავრობა იყო, ვინც ეს ნაბიჯები გადადგა. კანონმდებლობა სულ უკან-უკან მიდიოდა. მაქსიმალურად ვთმობდით პოზიციებს. იმიტომ გვეჩხუბებიან, რომ კანონმდებლობით ვცდილობთ, რომ თვითმყოფადობა დავიცვათ. ეს ყველას საქმეა, მარტო მთავრობის არა, ეკლესიისაც. ასეთ მთავრობას, რომელიც ამის გაკეთებას ცდილობს, როგორ ვეტყვი, რომ ურწმუნოა და უნდა წავიდეს. არ არის ეს სწორი, ეს არის განკითხვა.
რაც ცუდია, უნდა აღმოიფხვრას და ჩვენც უნდა ვეცადოთ და მთავრობასაც უნდა მოვუწოდოთ, მაგრამ ის კი არა, რომ ჩვენ ახლა უარესი მოვიყვანოთ. მერე რა უნდა გააკეთო? ამათთან ცდილობ, რომ რაღაც მოაწესრიგო და ცოტ-ცოტა წინ-წინ მივდივართ და ახლა ესენი რომ გაყარო, ვინ უნდა მოიყვანო? ვინ იქნებიან? რომ აშრიალდა მთელი ეს... გაიგეს თუ არა რომ ვიღაცამ ასეთი სიტყვა თქვა, რომ მთავრობა უნდა წავიდეს, ვინც ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგე და მტრები არიან, ყველამ დაიწყო ყვირილი - დაწყებული ლგბტ-დან, დამთავრებული „ენჯეოთი" და საზღვარგარეთიდან მფარველებით და ერთი ამბავი აქვთ, რომ როგორღაც ჩვენი მთავრობა წავიდეს. სად უნდა წავიდეს და ვინ უნდა მოვიდეს? დავამყაროთ ის სიტუაცია, როცა წესრიგია და იქნება დრო არჩევნებისა და ვისაც აირჩევს ხალხი ის იქნება. საუბარი არაა იმაზე, რომ ჩაბეტონდეს ერთი და იგივე ხალხი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს წესრიგით და არა განკითხვით, ჩხუბით და შეძახილებით. ჩვენ უნდა ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ სულიერი წარმატებისთვის. სულიერი წარმატება არ ხდება მიტინგებით და დემონსტრაციებით, ეს ხდება შინაგანი სამყაროს გამოსწორებით",- განაცხადა მეუფე სტეფანემ.