21.12.2019 17:05
პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას აპროტესტებდნენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი თარგამაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “გამოიძიე”. „ეს არის არამხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობის ხელის შეშლა, არამედ ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე და მათი საკუთრებისა და ტელეკამერების ხელყოფა. ჩვენ ყველა ველოდებოდით, რომ ხელისუფლების მხრიდან ამას მოყვებოდა სწრაფი რეაქცია, დაკავებული და დასჯილი იქნებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ასე უხეშად ექცევიან ძალიან საპატივცემულო და მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენლებს, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს პროცესი ჯანჯლდება. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი გადაივლის, რაც ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლების ხელის დაფარებით თუ არა, მათი წახალისებით მაინც ხორციელდება ასეთი ტიპის თავდასხმა. დღევანდელი აქცია, სადაც შეკრებილია სხვადასხვა თაობის ჟურნალისტი, არის გამოხატულება ჩვენი საერთო სურვილის, რომ ეს პროფესია და ამ პროფესიის ადამიანები ამ ქვეყანაში იყვნენ დაცულები”,- განაცხადა თარგამაძემ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მსვლელობით სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გადაინაცვლეს, სადაც ეთიკის ქარტიის კრება იმართება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge