30.12.2019 21:16
„მედროვე ადამიანები ისევე არამდგრადნი არიან თავიანთი წესებით, როგორცცვალებადია დრო და ვნების ჭირვეულობა“ – წმინდა არქიმანდიტი გაბრიელი(ურგებაძე).
ისტორიულად, საქართველოში მედროვე ადამიანების არსებობა ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორც მაგალითად – ზამთარში თოვლი. თუმცა არსებობენ პირები (და არა პიროვნებები – პიროვნება იყო, მაგალითად, ვაჟა-ფშაველა), რომელთა საქციელსაც უსინდისობის რაღაც „ჰაი-ლეველი“ გასდევს ფონად… ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ ცნობილი ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე და მოდით, კონკრეტული ფაქტები თანმიმდევრობით გავიხსენოთ:
წლების წინ, ბატონი გიორგი, აჭარის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის „ლიუბიმჩიკი“ გახლდათ და იმდროინდელ მმართველ პარტიაში „აღორძინება“ თავისი მყარი ადგილიც ეკავა – თარგამაძე „აღორძინების“ თავმჯდომარე 2003 წლამდე იყო… ასევე, წლების წინ, გიორგი თარგამაძეზე ძალიან მნიშვნელოვან შეფასებას აკეთებდა აკადემიკოსი გურამ შარაძე (აქვე შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, მუხანათურად მოკლეს). 2005 წელს ჩაწერილ, მაგრამ იმ დროისთვის გამოუქვეყნებელ ინტერვიუში, ცხონებული შარაძე ამბობდა: „გიორგი თარგამაძეზე არის ნათქვამი: „ვისაც ჩავიცვი, იმან გამხადა“. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, პირველად რომ გავიცანი. 1992 წელს კოლხური კოშკის დაწვაზე რამდენიმე რეპორტაჟი გავაკეთებინე „იბერვიზიისთვის“… მოგეხსენებათ, 1994 წელს სამუშაოდ გადავედი ასლან აბაშიძესთან. მასთან ვაქე და ვადიდე. ასლან აბაშიძე მაშინ ჭკუაზე იყო, ჯერ კიდევ არ ჰყავდათ გადაყვანილი ჭკუიდან მის მეგობრებს, მათ შორის, გიორგი თარგამაძეს… 18 წლის თარგამაძე გახდა მინისტრი. მერე გალსტუკიანი გიორგი თარგამაძე გადაჯინსდა და დაიწყო ცუნცულ-ცუნცული. მომდიოდა ხმები მის ავკაცობაზე და ამბების მიტან-მოტანაზე. ასლან აბაშიძემ რომ პარკი ააშენა, იმის მშენებლობის ერთ-ერთი დათვალიერებაა და მოვკიდე ხელი თარგამაძეს, მივიყვანე ასლან აბაშიძესთან და ვუთხარი: „აბა, ახლა თქვი, რას ელაპარაკები მას ჩემზე ყურში, ჩემს ზურგს უკან!“ წახდა, გაშავდა… „მეტი აღარ დაგინახო ჩემზე ილაპარაკო, არც ჩემს ზურგს უკან და არც ისე-მეთქი“…
თბილისში რომ იყო „აღორძინების“ საარჩევნო შტაბის უფროსი, მაშინ მიხვდა აბაშიძე, რაშიც იყო საქმე. თარგამაძემ დაასწრო და სანამ გამოაგდებდნენ, თვითონ დატოვა პარლამენტი და „აღორძინება. აი, კაცი! კაცად აქცია ჯერ გურამ შარაძემ, მერე აბაშიძემ, ორივეს უღალატა, ორივე გადააგდო… აბაშიძის „აღორძინების“ ქერის ორმოდან მოხვდა ბადრი პატარკაციშვილის კიდევ უფრო დიდ ქერის ორმოში – გახდა „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი…„ვარდების“ რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ დღეს მირეკავს ბადრი პატარკაციშვილი და მეკითხება – რა დაგიშავე, რატომ მლანძღავო? სად-მეთქი და აგერ თარგამაძე გამოვიდა და თქვა, გურამ შარაძემ ბადრი პატარკაციშვილი გალანძღა ერთ-ერთ მიტინგზეო. მე ვუთხარი – „ეხლავე მივალ თარგამაძესთან“ და მივვარდი „იმედში“. ვეუბნები (მისი მეუღლეც იქ იყო) – ამოიღეთ ჩანაწერი, სადაც მე ამას ვამბობ-მეთქი. „გვაპატიე, ბატონო გურამ, ახლავე გამოვასწორებთო“. მაშინ იყო, რომ „ღამის ქრონიკაში“ მიმიწვიეს, მეფერენ, მაგრამ მაინც ვთქვი ჩემი სათქმელი. რა მქონდა მე გიორგი თარგამაძესთან გასაყოფი, ან საბრძოლო?! ასლან აბაშიძეს ხომ გადამკიდა და ახლა პატარკაციშვილის გადაკიდება მოინდომა… გეხსომებათ, თუ როგორ ჩააკითხა ამასწინათ ჰოლანდიაში ექსკლუზიური უფლებით ოჯახური იდილიის გასაშუქებლად პირადად თარგამაძემ სააკაშვილს… ხვალ თუ ზეგ, ,,დროებაში“ უნდა იყოს მისი თავის მომჭრელი მლიქვნელობის დოკუმენტი _ დაბადების დღე პრეზიდენტ სააკაშვილის. სტალინს აღარ უხდიან დაბადების დღეს 21 დეკემბერს და სააკაშვილის დაბადების დღე ვის დაკარგვია, კაცოო?!..“
როგორც გითხარით, ეს არის აკადემიკოს გურამ შარაძის ჯერ კიდევ 2005 წელს მიცემული ინტერვიუ, რომელიც შემდეგში მცირე შემოკლებით გამოქვეყნდა (აღნიშნული ინტერვიუს ნახვა მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ https://guramsharadze.wordpress.com/gamosatxovari/2009-2/ )
ტელეკომპანია „იმედზე“ გიორგი თარგამაძის საავტორო გადაცემა „დროება“ მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ალბათ, თითოეულ ჩვენგანს დღემდე კარგად გვახსოვს 2006 წლის თებერვალში „დროებაში“ გასული ის სიუჟეტი, რომელიც სანდრო გირგვლიანის სადისტურ მკველობას ეხებოდა და რომელიც, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი გახდა…
რა ხდება შემდგომ?
მაშინდელმა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზიის, მინიმუმ, შევიწროება, მაქსიმუმ კი – მისი ხელში ჩაგდება გადაწყვიტა: „ძალოვანი და საფინანსო სტრუქტურები აქტიურად სწავლობენ ჩემს კომპანიებს, რათა შექმნან მოტივაცია, რომ განვახორციელო ზეწოლა „იმედის“ ჟურნალისტებზე და ხელი შევუწყო ხელისუფლებისათვის სასურველი სურათის შექმნას“, – აცხადებდა პატარკაციშილი 2006 წლის მარტში… 2007 წლის 2 ნოემბერს საქართველოში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელზეც სიტყვით ბადრი პატარკაციშვილიც გამოვიდა. აღნიშნული აქციები „იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რაც ხელისუფლებას სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. 7 ნოემბრის აქციის სასტიკად დარბევის შემდეგ, სპეცრაზმი „იმედში“ შეიჭრა, ტელეკომპანია დაარბია, თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, აპარატურა დალეწა… ერთი სიტყვით, პატარკაციშვილზე, მის ოჯახსა და მის კუთვნილ ტელეკომპანიაზე სისტემატიურმა ზეწოლამ სასტიკი ხასიათი მიიღო. ბადრი პატარკაციშვილმა 2007 წლის 25 დეკემბერს „იმედის“ თანამშრომლებს, ფაქტობრივად, ბოლოჯერ მიმართა: „ჩემი რეკომენდაცია იქნება – იყავით ისეთივე ლაღები, როგორიც იყავით და ნურავითარ შემთხვევაში ნუ შეიზღუდებით, ნუ შეგაშინებთ ეს ხელისუფლება“. („კოდუა-პატარკაციშვილის“ სკანდალი ამ დროს უკვე აგორებული იყო).
რას აკეთებს ამ დროს გიორგი თარგამაძე?
ის, თავის გუნდთან ერთად, 2007 წლის 26 დეკემბერს ტოვებს „იმედს“ და ადამიანს, რომელმაც მისი ჟურნალისტური კარიერის შექმნაში უდიდესი წვლილი შეიტანა – ფაქტობრივად, სააკაშვილის რეჟიმის პირისპირ ტოვებს… „იმის გამო, რომ ჩვენი არხის დამფუძნებელი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მთავარი მოქმედი პირია, ჩვენთვის მიუღებელია ტელეკომპანია „იმედში“ დარჩენა, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური თავისუფლებაც კი არასწორად იქნას გამოყენებული“, – ასე „აპრავებდნენ“ „იმედიდან“ წამოსული ჟურნალისტები საკუთარ საქციელს… მათ შორის, ცხადია – გიორგი თარგამაძეც… მალევე თარგამაძემ 2008 წლის 8 თებერვალს, პოლიტიკური პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ დააარსა, რომლის თავმჯდომარეც თავად გახდა… ამ ამბიდან სულ რამდენიმე დღეში კი, მისგან ზურგშექცეული და სააკაშვილის რეჟიმის მიერ არაერთგზის დატერორებული ბადრი პატარკაციშილი, 12 თებერვალს, ლონდონში არსებულ მისივე სახლში, გარდაცვლილი იპოვეს…
ოფიციალური ინფორმაცია: ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ამასთან, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ ბრალად, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ამჟამად ძებნაში არიან, 2014 წლის 1 აგვიტოს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
სად არის ამჟამად გიორგი თარგამაძე?
დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ის ტელეკომპანია „ფორმულაში“, რომელიც ძებნაში მყოფმა დავით კეზერაშვილმა დააფუძნა, საკუთარი საავტორო გადაცემით „დროება“ ბრუნდება… ანუ ჟურნალისტმა, რომელსაც „იმედში“ პირდაპირ ეთერში სპეცრაზმი შეუვარდა და ეთერიდან გათიშა – მუშაობა დაიწყო იმ ადამიანის მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანიაში, ვისი ბრძანებითაც მაშინ „იმედში“ შევარდნილმა სპეცრაზმმა იქ მყოფი ჟურნალისტების ნაწილს სცემა, ტელეკომპანიის აპარატურა დალეწა და სტუდიები დაარბია… ადამიანმა, რომელმაც თავის დროზე თავის „მამობილს“, ასლან აბაშიძეს უღალატა (და ამაზე თავად აბაშიძესაც არაერთხელ უსაუბრია დანანებით); ადამიანმა, რომელმაც შემდგომში უკვე ბადრი პატარკაციშვილს უღალატა (რომელიც აღნიშნულის გამო, ასევე, ახლო წრეებში, გულისწყვეტას გამოხატავდა); ამ ადამიანმა, ამჯერად, უკვე იმ ჟურნალისტურ პრინციპებსაც უღალატა, რაც წესით, აღნიშნული პროფესიის ყველა ნორმალურ, ობიექტურ, არაკონფორმისტ წარმომადგენელს უნდა ახასიათებდეს… დარჩა კი რამე, ან ვინმეს, რასაც და ვისაც „იმედის“ ყოფილი და ახლა უკვე „ფორმულას“ ახალი სახე არ ღალატობს?..
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ალბათ, კარგი იქნებოდა, ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოებში შეიტანონ კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი… ამ მეტად მნიშნელოვანი და საჭირო პროფესიის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ შესაძლოა, მედროვე და უპრინციპო ჟურნალისტები საკუთარი ქმედებებით კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს კი იქმნიან და გარკვეულ ბენეფიტებს იღებენ, თუმცა კარგავენ ყველაზე მნიშვნელოვანს – ხალხის სიყვარულს, პატივისცემასა და ნდობას.
პ.ს. – ისე, ძალიან საინტერესო სანახავ/მოსასმენი კი იქნებოდა, როგორ საუბრობენ ტელეკომპანიის დარბევის ბრძანების გამცემი და მის მიერ დარბეული ჟურნალისტი „ზოგად საკაცობრიო საკითხებზე, მორალზე და ადამიანურ ღირებულებებზე“…
ავტორი: გიორგი კეზერა(ს)შვილი
მარშალპრესი
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge