25.07.2026 02:14

აშშ-ის გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის" (The New York Times) 22 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „რუსეთი არ დანებდება" (ავტორი - ჰანა ნოტე, კალიფორნიაში მდებარე ჯეიმს მარტინის კვლევითი ცენტრის ევრაზიული პროგრამების დირექტორი, ავტორი წიგნისა „ჩვენ ამასაც გავუძლებთ და გადავიტანთ": პუტინის გლობალური კამპანია დასავლეთის გასანადგურებლად").

 

პუბლიკაციაში გაანალიზებულია რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობა, უკრაინასთან ომის ფონზე: რატომ და როგორ გაუძლო რუსეთმა ისტორიულად არნახულ დასავლურ სანქციებს, რატომ უჭერენ მხარს კრემლს „გლობალური სამხრეთის" ქვეყნები და როგორი იქნება რუსეთის პერსპექტივა - ელოდება თუ არა მას კრახი, დანებდება თუ არა მოსკოვი დასავლეთს. „არა, არ დანებდება, უკან არ დაიხევს, რადგან მას ჯერ კიდევ აქვს რესურსები წინააღმდეგობის გასაწევად და თავისი მიზნების განსახორციელებლად", - ნათქვამია მასალაში.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ამჟამად პუტინი მსოფლიოსაგან ისეა იზოლირებული, როგორც არასდროს", - განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის მიმართვაში კონგრესისადმი „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ" 2022 წლის მარტში. ერთი კვირით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ტანკებს უბრძანა უკრაინაში შეჭრილიყვნენ, რამაც ბიძგი მისცა დასავლეთის ქვეყნებს რუსეთთან კავშირები გაეწყვიტათ და მხარი უკრაინისთვის დაეჭირათ. რუსეთის პრეზიდენტის თავხედური მოქმედებისაგან გამოწვეული შოკი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. შესაბამისად, ბევრი მოელოდა, რომ რუსეთი ყველასაგან ბნელ, გარიყულ ქვეყნად გადაიქცეოდა და „მოუსავლეთში წავიდოდა".

 

მაგრამ მალე კრემლის მოწინააღმდეგეებისათვის ნათელი გახდა, რომ რუსეთი არსად წასვლას არ აპირებდა. კრემლმა, რომელიც იძულებული გახდა ხანგრძლივი ომისათვის მომზადებულიყო, დაავალა თავის დიპლომატებს, ინტელექტუალებს და ოპერატიულ ჩინოვნიკებს მხარდამჭერები არადასავლურ მსოფლიოში მოეძებნათ. ბევრი ქვეყანა დათანხმდა რუსეთის შეთავაზება-დაპირებებს და არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კრემლის სასარგებლოდ გააკეთეს. რუსეთის მიმართ თანდათანობით იმატა ინტერესმა - მსოფლიო ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა კრემლის „უცნაურ" მდგომარეობას: რუსეთი, რომელსაც  ისტორიულად ყველაზე მეტი საერთაშორისო სანქციები გამოუცხადეს, რატომღაც „არ იძირებოდა" და „ტივტივს" აგრძელებდა. ევროპისაგან გარიყვა სულ უფრო მეტად კომპენსირდებოდა მჭიდრო ურთიერთობებით „გლობალური სამხრეთის" სახელმწიფოებთან.

 

მოვლენების ასეთ განვითარებაში რომ გავრკვეულიყავი, მსოფლიოში მოგზაურობა დავიწყე და ათზე მეტი ქვეყანა შემოვიარე, ველაპარაკე იქაურ პოლიტიკოსებს და ადამიანებს, რომლებიც რუსეთის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ. ინტერვიუ ჩამოვართვი იმ რუსებსაც, რომლებიც კრემლის გეგმებს ადგენდნენ და იმათაც, ვინც ამ გეგმების რეალიზებას პერიფერიებში ეწეოდა. კითხვა მარტივი იყო: როგორ მოახერხა რუსეთმა დასავლეთისაგან გარიყვის გადატანა? ის, რაც მე გავიგე, მოწმობს, რომ ქვეყანა მუდმივი ადაპტაციისა და შეგუების პროცესშია: რაც არ უნდა გააკეთოს დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი უკან არ დაიხევს და არაფერს არ დათმობს, არ დანებდება.

 

რუსეთის დიპლომატიური „თამაშები"


ვენაში და ნიუ-იორკში ყოფნისას მოწმე გავხდი, თუ რა მაღალი ფორმებით თამაშობს რუსეთი საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმატების მისაღწევად. გაეროში რუსი დიპლომატები დაუღალავად მუშაობდნენ, რომ არადასავლური ქვეყნებს შორის მომხრეები გაეჩინათ, გადაებირებინათ ისინი, ვთქვათ, უკრაინის ომში მხარდაჭერის მიზნით. რუსი დიპლომატები მეგობრების მისაზიდად ახალ ფორმატებით სარგებლობენ: მაგალითად „ბრიკსის" ჩარჩოებში აწყობენ  ასობით ღონისძიებებს, მოდების ჩვენებას, სპორტულ ტურნირებს და გრანდიოზულ სამიტებს. რუსეთი სტუმრებს იწვევს თავისთან და ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანა იზოლირებული არ არის.

 

რუსეთი და არაბული საემიროები


დუბაიში ყოფნისას რუსეთის ეკონომიკური მანევრირების აშკარა შედეგები ვნახე. უკრაინაში შეჭრის შემდეგ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის არაბთა გაერთიანებული საემიროები სტრატეგიულ ეპიცენტრად გადაიქცა: რუსი მდიდრების თავშესაფრად, რომლებმაც თავიანთი ბიზნესი დასავლეთის ქვეყნებიდან საემიროებში გადაიტანეს; ჩინური პროდუქციის გატარების არხად, რომლის იმპორტს რუსული კომპანიები ეწეოდნენ; ცენტრად რუსული ბანკებისათვის, რომლებიც არადიოლარულ გადახდებს აწარმოებდნენ; მყუდრო ნავსადგურად  რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის" გემებისათვის, რომლებსაც რუსული იაფი (და სასურველი) ნავთობი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გადაჰქონდათ. საემიროების პორტებში ტანკერებს შეეძლოთ სახის შეცვლა და შენიღბვა. მსოფლიოს სხვადასხვა ფიქტიური კომპანიებისა და ფულზე დახარბებული ადგილობრივი „პროფესიონალების" დახმარებით რუსეთმა საკმაოდ იოლად მოახერხა გვერდი აევლო დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციებისათვის.

 

სამხრეთაფრიკული მიმართულება


რუსეთმა სხვა უფრო მკაცრი სქემებითაც ისარგებლა, სიკვდილისმთესველი განზრახვით: „ელაბუგის" განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, მოსკოვიდან დაახლოებით 700 კილომეტრში, მდებარეობს საწარმო, სადაც ხდება იმ ირანული დრონების აწყობა, რომლებიც უკრაინაში მიფრინავენ და ქალაქებს ანგრევენ. თავდაპირველად ირანული დრონები შემოჰქონდათ, ახლა კი მათი მოდერნიზება და აწყობა ხდება. აქ ხორციელდება ფსევდოვოკაციული პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდა აფრიკელი ქალების დასაქმებაზე და რომლებსაც ადმინისტრაცია ყალბი დაპირებებით „კვებავს" - მაღალი ხელფასით, კარიერული ზრდის შესაძლებლობებით და საამური ოჯახური ცხოვრების მოწყობით. სოციალურ ქსელებისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით რუსეთს ქულები დაუგროვდა და „გლობალური სამხრეთის" წინაშე „ნეოკოლონიური დასავლური შხამის წინააღმდეგ" მიმართულ ერთგვარ „ანტიდოტად" წარმოჩინდა. 

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთს დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია ადგილობრივი პოლიტიკოსების დასარწმუნებლად კრემლს მიმხრობოდნენ. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა - ქვეყნის დომინირებადმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც აპარტეიდის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ხელმძღვანელია, დასავლეთის სახელმწიფოები ომის გაჩაღების ხელშეწყობაში დაადანაშაულა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის ჟამს აფრიკის ეროვნული კონგრესი ანტიდასავლური განწყობით გამოირჩეოდა და აცხადებდა, რომ ისინი, დასავლელები, თვალთმაქცები არიან. კომუნისტური მოსკოვიც ყველანაირად ცდილობდა მხარი დაეჭირა სამხრეთ აფრიკელებისათვის და საბოლოოდ ეროვნული კონგრესი კრემლის ერთგვარ დასაყრდენად გადაიქცა. დღესაც კონგრესს პრორუსული პოზიცია შენარჩუნებული აქვს, განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ: პრეტორია გარკვეულწილად ეჭვით უყურებს უკრაინის როლს და უკრაინელი ხალხის თვითმყოფადობას.

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ყოფნისას შევხვდი და ვესაუბრე ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც რუსეთის მიმართ თავისებურად გამოხატული სიმპათიები აქვთ. ჟურნალისტი ქალი პაოლა სლიერი 1980-იან წლებში იოჰანესბურგის მდიდრულ კვარტალში იზრდებოდა და მისთვის იმ დროს იატაკქვეშ მოქმედ აფრიკის ეროვნულ კონგრესში კულტივირებული პრორუსული განწყობები უცნობი იყო. პაოლას პოლიტიკურმა რწმენამ ტრანსფორმაცია განიცადა 2005 წელს, როცა კონტრაქტი გააფორმა „რაშა თუდეისთან" (Russia Today), კრემლის მიერ დაფინანსებულ ტელეკომპანიასთან. მიუხედავად იმისა, რომ პოლა სლიერი კარგად ხედავს კრემლის მიერ კონტროლირებული ტელეარხის მუშაობის ტენდენციურობას, იგი თვლის, რომ მისი საქმიანობა აუცილებელია და სწორი. „გლობალურ საინფორმაციო სივრცეში დასავლეთი რუსულ რეალობას ამახინჯებს, რუსეთი „აუტსაიდერია" და ამიტომ მაუწყებლობა უნდა გაუმჯობესდეს", - მითხრა მან.

 

კრემლის მიმბაძველები საქართველოში


სხვები რუსეთს მიემხრნენ უფრო მეტად პირადული ინტერესების საფუძველზე, ვიდრე სიყვარულით. მაგალითად, საქართველოში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ" სამოქალაქო საზოგადოებისადმი ზეწოლაში რუსეთს მიბაძა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ" გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტია" ანუ მის პოლიტიკურ ოპონენტებს და მათ დასავლელ მფარველებს სურთ საქართველოს ჩათრევა რუსეთთან კონფლიქტში, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებით მოხდა. „ქართული ოცნების" მიზანი მარტივი იყო: პარტიის პოზიციების განმტკიცება ხელისუფლებაში. ამ მიზნის მისაღწევად მან ისარგებლა პუტინური პროგრამით, რომ დასავლური სახის დემოკრატიის დისკრედიტაცია მოეხდინა და თანამოაზრეებთან კავშირები განემტკიცებინა.

 

ყაზახების შიშები


ამასთან, იმ დროს, როცა რუსეთმა აშკარა და ირიბი მომხრეები გაიჩინა, უკრაინასთან ომმა კრემლს ახალი და უჩვეულო ბარიერები წარმოუქმნა. ყაზახეთში, ალმა-ატაში ყოფნის დროს ვესაუბრე ახალგაზრდა ალმა-ატელ ყაზახებს, რომლებიც შეშფოთებას გამოხატავდნენ რუსეთის მიმართ: ყაზახეთს რუსეთთან საკმაოდ გრძელი საზღვარი აქვს და ვაითუ მათი ქვეყანაც პუტინის აგრესიის ობიექტი გამხდარიყო. ისინი ყაზახეთის რუსეთისაგან „დეკოლონიზების" მოძრაობას ხელმძღვანელობდნენ და მხარს უჭერდნენ იდეას ყაზახური ენის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების თაობაზე, ასევე ეწინააღმდეგებოდნენ საბჭოური ტრადიციების ნარჩენებს და რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გატარებას ყაზახეთში.

 

სომხების იმედგაცრუება


სომხეთში ადგილობრივი მოსახლეობას რუსეთის შეჭრისა კი არ ეშინოდა, არამედ პირიქით - ისინი თავს რუსეთისაგან მიტოვებულად გრძნობდნენ. 2023 წლის სექტემბერში, როცა კრემლი უკრაინით იყო დაკავებული, რუსმა მშვიდობისმყოფლებმა განზე დარჩენა არჩიეს და შორიდან ადევნებდნენ თვალს, თუ როგორ იკავებდა აზერბაიჯანის არმია სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის [ისტორიულად]  სადაო ტერიტორიას.

 

აზატ ადამიანი, კაფე-ბარის მფლობელი, რომელიც ერევანში გავიცანი, ერთ-ერთია იმ ათეულ ათასობით სომხური ეროვნების მოსახლეობიდან, რომლებიც იძულებულნი გახდნენ ანკლავი დაეტოვებინათ. დღეს აზატის კაფე-ბარში ვლადიმერ პუტინის პორტრეტი აღარ ჰკიდია, მან რუსეთის მიმართ რწმენა დაკარგა. სხვა ყარაბაღელმა სომხებმა თავიანთ უბედუ4რებაში ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა დაადანაშაულეს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან ცდილობდა თავისი საგარეო პარტნიორების დივერსიფიცირება განეხორციელებინა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამჟამად სომხეთში რუსეთის პრესტიჟს და გავლენას ძირი აქვს გამოთხრილი.

 

სირიული მეტამორფოზა


სომხეთთან დაკავშირებული ისტორია უფრო ფართო ფენომენზე მიანიშნებს, რომლის დამალვას კრემლი ვერ ახერხებს, გარკვეული საგარეო წარმატების მიუხედავად: რუსეთის გლობალური ძლიერება სუსტდება. ყველაზე მწვავედ ეს მე ვიგრძენი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის დროს, 20125 წლის დასაწყისში.

 

ისრაელის მიერ ოკუპირებულ (სირიასთან სადაო) გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ-შამსში შევხვდი ადგილობრივ დრუზებს, რომლებიც გახარებულები იყვნენ ბაშარ ასადის დამხობით სირიაში.  ეს ფაქტი კრემლის დიდი მარცხის გამოხატულებაა: რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს სირიაში ასადების დინასტიას - იმ დრომდე, სანამ უძლური არ აღმოჩნდა დაეცვა თავისი კლიენტის ინტერესები.

 

დონალდ ტრამპის უშედეგო შუამავლობანი


თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებამ რუსეთის მდგომარეობა გააუარესა. აშშ-ის პრეზიდენტის თავდაპირველი ანტიინტერვენციული სამშვიდობო განცხადებები აგრესიულმა მოქმედებამ ჩაანაცვლა - ვაშინგტონმა საომარი მოქმედებები განახორციელა ირანისა და ვენესუელის მიმართ, რომლებიც რუსეთის პარტნიორები არიან. მისტერ დონალდ ტრამპმა, რომელიც ტრაბახობდა - „როგორც კი პრეზიდენტი გავხდები, რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში შევწყვეტო" და მიანიშნებდა, რომ რუსეთთან გარკვეულ დათმობებზე წავიდოდა, რეალურად ამ მიმართულებით ვერაფერი გააკეთა. მოგვიანებით აშშ-ის ლიდერი, ისრაელის ძალისხმევით, სპარსეთის ყურეში ირანთან ომში ჩაება. რუსეთმა, რომელიც უკრაინასთან ომობს, ჯეროვანი დახმარება ვერ გაუწია ვერც ვენესუელას და ვერც ირანს. თავის მხრივ, როგორც ეტყობა, დონალდ ტრამპიც დაიღალა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებით, რომელიც ჯიუტად არ თანხმდება აშშ-ის მიერ შეთავაზებულ პირობებს. ალასკის სამიტის მნიშვნელობა დიდი ხანია გაფერმკრთალებულია და ამიტომ რუსეთ-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალი  არარეალიზებული რჩება.

 

რა ელოდება რუსეთს?


რუსეთი უკრაინასთან ომს აგრძელებს, მაგრამ პარალელურად მისი დანაკარგებიც მატულობს, ომის ფასი იზრდება: ბრძოლის ველზე თითქმის 1,4 მილიონი რუსი ჯარისკაცი დაეცა, უკრაინული დრონები რუსეთის სიღრმეში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებს ანადგურებენ, ეკონომიკა სუსტდება. იმავდროულად, ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, რომ რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტი და რეპუტაცია ომში გამარჯვებაზეა დამოკიდებული: როგორც ამას წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, „ჩვენს მოქმედებას ყურადღებით ადევნებენ თვალს „როგორც მტრები, ასევე მოყვარეებიც".

 

ომის ესკალაციის საფრთხის მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს და დარწმუნებულია, რომ რუსეთს უფრო მეტად აქვს ომის გაძლებისა და გადატანის უნარი, ვიდრე დასავლეთს. არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიოში არსებული კრემლის მოკავშირეების, კეთილმსურველებისა და შუამავლების წყალობით, პუტინის ფსონი შეიძლება მართლაც გამართლდეს.

 

წყარო: 

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ