დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის 300 Patriot-ის რაკეტის გადაცემაზე უარი თქვა 01.08.2026 01:49

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი" (Financial Times) თავის 31 ივლისის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპი „დარწმუნებული არ არის", მისცემს თუ არა უკრაინას „პეტრიოტის" რაკეტების წარმოების ნებართვას" (ავტორი ნ- ედვარდ ლიუსი), რომელშიც აშშ-ის ინტერვიუს მიმოხილვაა გადმოცემული.

 


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი, რომ უკრაინას „პეტრიოტის" რაკეტა-დამჭერების ლიცენზიით დამზადების უფლების მისცეს. მისი ნათქვამი ეჭვს ბადებს - დათანხმდება თუ არა ვაშინგტონი კიევის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს? გამართლდება თუ არა სინამდვილეში უკრაინის იმედები?

 

აშშ-ის პრეზიდენტმა „ფაინენშელ თაიმსთან" სატელეფონო ინტერვიუში ხუთშაბათს აღნიშნა, რომ იგი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე „დარწმუნებული, მისცემს თუ არა ვაშინგტონი კიევს „პეტრიოტის" საზენიტო კომპლექსისათვის აუცილებელი რაკეტების [PAC-2 და PAC-3-ის] დამზადების ნებართვას (ლიცენზიის სახით). „ჩვენ ამ საკითხზე ვმსჯელობთ", - დაამატა პრეზიდენტმა, - „ეს ძალიან უჩვეულო და მრისხანე იარაღია... ამიტომ სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს მათ მიმართ, ვისაც ნებართვას ვაძლევთ. სინამდვილეში ჩვენ მოწყობილობების დამზადებაზე ლიცენზიებს არ ვიძლევით".

 

დონალდ ტრამპის კომენტარები გაჟღერდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, როცა მხოლოდ ორი დღეა გასული თეთრ სახლში მათი მოლაპარაკების დროიდან. აღსანიშნავია, რომ უკრაინის მეთაურმა თავის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრას „კარგი" უწოდა და თქვა, რომ „საუბრის დროს „პეტრიოტის" რაკეტა-დამჭერების წარმოება და რამდენიმე სხვა იდეა განვიხილეთო"

 

ივლისის დასაწყისში ნატოს ანკარის სამიტზე, თურქეთში, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას ამერიკული საზენიტო კომპლექს „პეტრიოტისათვის" აუცილებელი რაკეტების დასამზადებლად ლიცენზიას მისცემს.

 

„პეტრიოტის" ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა უკრაინას ჰაერივით სჭირდება: მას შეუძლია რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტები ჰაერში „დაიჭიროს" და გაანადგუროს, ამით კი თავიდან აიცილოს კიევისა და სხვა ქალაქების დანგრევა. ის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში, ნატოს სამიტზე ყოფნისას თავისი ამერიკელი კოლეგა ლიცენზიის გაცემაში დაარწმუნა, მის მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებას წარმოადგენს.

თეთრ სახლში სამშაბათს, 28 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დონალდ ტრამპი რაკეტების წარმოების ნებართვის ჩვენთვის გაცემაზე დათანხმდა". მან დაამატა, რომ შეხვდა „პეტრიოტის" მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებსაც: „იმედი მაქვს, რომ ერთობლივ წარმოებას მალე შევუდგებით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

 

 

რაკეტა-დამჭერებს (ანუ ანტირაკეტებს) კომპანიები „ლოკჰიდ მარტინი" (Lockheed Martin) და კორპორაცია „ერ-თი-ექსი" (RTX corporation) აწარმოებენ.

 

დონალდ ტრამპმა „ფაინენშელ თაიმისათვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მისი ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტისკენაა მიმართული და დაამატა, რომ მისი ორი სპეცწარმომადგენელი - ჯერად კუშნერი და სტივ უოტკოფი უახლოეს ხანში კიევში პირველად გაემგზავრებიან. „მარტივად თუ ვიტყვით, ჩვენ გვსურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, - „რაკეტებს არ დავეძებ, მე მშვიდობის დამყარებას ვეწრაფვი".

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ირანის მცდელობის მიუხედავად, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის გააფართოვოს (ბოლო დღეებში თეირანი რეგიონის ქვეყნებს დარტყმებს აყენებს), ირანის დამორჩილება მხოლოდ დროის საკითხია. „ჩვენ მათ გავანადგურებთ", - ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

დონალდ ტრამპმა ოპტიმიზმი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ დაასრულებს თავის ისტორიულ გარიგებას საუდის არაბეთთან ბირთვული ენერგიის სამშვიდობო მიზნებით გამოყენებაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გამოქვეყნდა. გარიგების დადება დამოკიდებული იქნება ისრაელისა და საუდის არაბეთის ურთიერთობების დარეგულირებაზე.

დონალდ ტრამპმა „ფაინენშელ თაიმსს" უთხრა, რომ იგი ესაუბრა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბენ სალმანს და ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს მათი ურთიერთობის მოგვარების თაობაზე. „ეს იდეა ორივე ქვეყანას ძალიან მოსწონს... ეს შეიძლება მოხდეს". დონალდ ტრამპი ამ მიზნით მომავალ კვირაში, სამშაბათს, ისრაელის პრემიერს თეთრ სახლში შეხვდება.

 

აღსანიშნავია, რომ მემკვიდრე პრინცი ადრე დაბეჯითებით აცხადებდა, რომ ამგვარი გარიგების დადება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისრაელი მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელად. მუჰამედ ბენ სალმანის თქმით, ისრაელი ამ იდეის განხორციელებაზე უარს ამბობდა.

 

დონალდ ტრამპმა ინტერვიუში შეაქო ენდი ბერნემი, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, იმისათვის, რომ მან მიანიშნა - ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის მოპოვების საკითხს „პრაგმატულად მიუდგება" - მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ განაცხადა, ფსკერის ბურღვისათვის ახალი ლიცენზიების გაცემა არ მოხდებაო.

 

„მე ვფიქრობ, რომ ენდი ბერნემს თავისი ქვეყნის გამდიდრება სურს და მან იცის, როგორ იმოქმედოს ამ მიზნით - ჩრდილოეთის ზღვაში ახალი ნავთობსაბადოები გახსნას... კირ სტარმერს - აწ უკვე გადამდგარ წინამორბედს რომ ასე გაეკეთებინა, ის ახლა სახლში არ იჯდებოდა და ტელევიზორის ყურებით არ მოცდებოდა", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში.


წყარო

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ