01.08.2026 01:21
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის" (The New York Times) 31 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპს ირანი სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევს: აშშ-ის პრეზიდენტისათვის ირანი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა" (ავტორები - ერიკ შმიტი, ჯულიან ბარნსი და ჰელენა კუპერი). „აშშ-ის პრეზიდენტი ბოლთას სცემს, ცეცხლის შეწყვეტის გზებს ეძებს, მაგრამ უშედეგოდ. არადა, ყველაფერი აშშ-სა და ისრაელის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგია, როცა მათ აიათოლა ალი ჰამენეი მოკლეს", - ასეთია სტატიის დედააზრი.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მართალია, ისევ უარყო სრულმასშტაბიანი ომის განახლების შესაძლებლობა, მაგრამ „ომი მცირე მასშტაბით" მაინც გრძელდება. ამერიკის ლიდერი ჯერ კიდევ ვერ პოულობს გამოსავალს მის მიერ დაწყებული კონფლიქტიდან: ირანი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა.
ამ დღეებში ორივე მხარემ „რაკეტული დარტყმები გაცვალეს" - ირანმა აშშ-ის ბაზებს დაარტყა იორდანიაში, აშშ-მა კი ირანის კომუნიკაციებს. აშშ-ის მოკავშირე საუდის არაბეთმაც თავისი წვლილი შეიტანა დაპირისპირების მორიგ ესკალაციაში - დაარტყა ირანის მოკავშირე ისლამურ დაჯგუფებებს ერაყში. „ცეცხლზე ნავთი დაასხა" უკრაინული დრონის დარტყმამ კასპიის ზღვაში მცურავ ირანის გემზე, რის შედეგადაც კიევსა და თეირანს შორის ურთიერთობა გამწვავდა.
ომი, რომლის შეწყვეტას დონალდ ტრამპი აპრილიდან დიპლომატიური გზებით ცდილობს, მთელი რეგიონზე გავრცელებით იმუქრება და ეს ხდება სწორედ იმ მომენტში, როცა აშშ მის დასრულებას ესწრაფვის.
„ომს რომ იწყებდა, დონალდ ტრამპი ვარაუდობდა, რომ საომარი პროცესის გაკონტროლებას შეძლებდა", - ამბობს ვალი ნასრი, ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო კვლევების სკოლის პროფესორი, წარმოშობით ირანელი - „ირანის პასუხი ისეთია, რომ თეირანს ბრძოლის ველის მკვეთრად გაფართოება სურს. შესაბამისად, ამერიკას თავდაცვა საომარი მოქმედებების სულ უფრო ფართო თეატრში უწევს".
ექსპერტთა თქმით, ომის ამჟამინდელ ეტაპზე, რომელიც ისრაელმა და აშშ-მა ხუთი თვის წინათ გააჩაღეს, ირანი ცნობილი სამხედრო პრინციპის დემონსტრირებას ცდილობს: ნებისმიერ მოწინააღმდეგეს შეუძლია მეორისთვის თავისი ნების თავსმოხვევა და კონფლიქტზე გავლენის მოხდენა. „ირანს სურს აჩვენოს, რომ სულაც არ ფიქრობს გულზე ხელებდაკრეფილი იყოს და ელოდოს, სანამ აშშ და ისრაელი მას დარტყმას მიაყენებს", - აღნიშნავს ჯეისონ კემპბელი აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტიდან, - „თეირანი ცდილობს ინიციატივა თვითონ გამოიჩინოს და როგორც მინიმუმი, აშშ და ისრაელი უკან დახევაზე აიძულოს".
აშშ-ის სამხედრო სარდლობამ დონალდ ტრამპისათვის გეგმა მოამზადა, რომელიც დაბომბვების მორიგ მრავალდღიან კამპანიას ითვალისწინებს. შეტევის მომზადების ჩარჩოებში პენტაგონმა ისრაელში ავიაცია გადაისროლა: ბომბდამშენები და გამანადგურებლები იქ იმ დრომდე დარჩებიან, სანამ დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებას არ შეცვლის .
როგორც ცნობილი გახდა ორი ანონიმური წყაროს მეშვეობით, ამ გეგმის განხილვა-მსჯელობის დროს, შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ დენ კეინმა კონფიდენციალური ხასიათის გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, ირანის წინააღმდეგ მსხვილი საბრძოლო ოპერაციების განახლება შესაძლებელია და გეგმა შესრულდება კიდეც, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის რეზერვები „დამჭერი" რაკეტების მხრივ სწრაფად შემცირდება სახიფათო რაოდენობამდე.
თავის მხრივ, ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპი მსხვილ საბრძოლო ოპერაციებს არ განაახლებს, მაშინ პენტაგონს მოუწევს შეწყვიტოს ჰორმუზის სრუტის აკვატორიის დაბომბვებიც, რადგან მათ უკვე მიაღწიეს თავისი ეფექტურობის ფარგლებს და სარგებლობის მოტანა აღარ შეუძლიათ. საქმე იმაშია, რომ სრუტის ირანულ ნაპირებზე დარტყმების მიზანი იყო საერთაშორისო ნაოსნობის აღდგენა და თუ ამდენი ხნის დაბომბვის განმავლობაში თავისუფალი ცურვა მაინც ვერ აღდგა, ეს ნიშნავს, რომ აკვატორიისადმი დარტყმებს აზრი აღარ აქვს.
ოთხშაბათს ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დაბომბა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტები, „სამეთაურო ცენტრების, რაკეტების გამშვები დანადგარებისა და საზღვაო ობიექტების ჩათვლით".
ტელეარხ „ფოქს-ნიუსისათვის" მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა - როგორც ჩანს, სპეციალურად - აღნიშნა, რომ ამერიკა იძულებულია ირანი დაბომბოს, მაგრამ არასასიამოვნოა, რომ დარტყმების შედეგად სამოქალაქო მოსახლეობაც ზარალდება. და თუ პენტაგონი უფრო მსხვილ შეტევებს განახორციელებს - ანუ ხიდებს და ელექტროსადგურებს კიდევ დაბომბავს, მაშინ.. „ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად? ისევ მოსახლეობა, უდანაშაულო ადამიანები. ასე რომ, მე ამას არ გავაკეთებ", - თქვა პრეზიდენტმა.
ამრიგად, ერთი მხრივ დონალდ ტრამპის ეჭვებისა და „კაცთმოყვარეობის გამო", ხოლო მეორე მხრივ, მისი დაპირებით, რომ ირანს გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებს, აშშ-ის სტრატეგია გაუგებარია.
ცოტა ხნის წინათ ისე ჩანდა, რომ დონალდ ტრამპს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ირანის დაბრუნება მოლაპარაკების მაგიდასთან. ზოგიერთი ქვეყანა, რომლებმაც შუამავლის როლის შესრულება იკისრეს - პაკისტანისა და კატარის ჩათვლით, ცდილობენ ნიადაგი მოამზადონ მოლაპარაკების გასაგრზელებლად. მაგრამ ექსპერტები ღრმა სკეპსისს გამოხატავენ იმ „გარიგების" მიმართ, რომლის დადებაზე შეიძლება დონალდ ტრამპი დათანხმდეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები უკვე თითქმის აღარ უბრუნდებიან და აღარ იხსენებენ იმ პრიორიტეტებს, რომლებიც ომის დასაწყისში იყო - ირანის ბირთვული პროგრამის ლიკვიდაციას, მისი რაკეტული პოტენციალის მოსპობას და ირანის მარიონეტების შეკავებას. ფაქტიურად, აშშ-მა ვერცერთის შესრულება ვერ შეძლო.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ომის დასაბუთება მნიშვნელოვნად შეიცვალა", - ამბობს ჯეისონ კემპბელი, - „ბოლო დროს დონალდ ტრამპი და მისი მაღალჩინოსნები თუ რამეზე ლაპარაკობენ, მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე, სხვა პრიორიტეტები დავიწყებულია".
დონალდ ტრამპისათვის უმნიშვნელოვანესი მიზანია კვლავ გახსნას ჰორმუზის სრუტე, თანაც ისე, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა არმიამ სახე არ დაკარგოს.
და სანამ სრუტეში თავისუფალი ცურვა არ აღდგება - რასაც ხელს უშლის ირანის მუქარები ცეცხლი გაუხსნას მის უნებართვოდ შესულ ტანკერებს და სადაზღვევო კომპანიების ეჭვები - მანამ ნავთობზე ფასების ზრდა გაგრძელდება.
„რადგანაც ჰორმუზის სრუტის კონტროლის საკითხი გადაუწყვეტი რჩება, არაფერი რომ არ ვტქვათ ირანის ბირთვულ ამბიციებბზე და ომის დაწყების სხვა ტავდაპირველ მოტივებზე, საომარი მოქმედებების სპირალი სულ უფრო მეტად დაიძაბება", - ამბობს მონა იაკუბიანი სტრატეგიული კვლევების ცენტრის ახლო აღმოსავლეთის პროგრამების დირექტორი.
შეიძლება ბევრს უცნაურადაც მოეჩვენოს, მაგრამ ის, რომ დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია სიძნელეებს განიცდის ირანთან ომში, სწორედ ომის დასაწყისში მოპოვებული წარმატებების ბრალია.
აიათოლა ალი ჰამენეი, ირანის უზენაესი ლიდერი 37 წლის განმავლობაში, ომი პირველივე დღეს იქნა მოკლული ისრაელის სარაკეტო ზალპით. იგი სწრაფად შეცვალა მისმა ვაჟმა მოჯთაბამ, რომელიც მამაზე უფრო ულმობელი გამოდგა. მოჯთაბასთვის უცხოა ის სიფრთხილე, რასაც ალი ჰამენეი იჩენდა. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დაასკვნეს, რომ შვილი ფრო მეტად არის დაინტერესებული ბირთვული იარაღის შექმნით, რომლისგანაც მამამისი დროდადრო დისტანცირებდა ხოლმე (ვთქვათ, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დადებული შეთანხმებით).
უფრო მეტიც: ირანის რეჟიმის ძველი ლიდერები, რომელთა უმეტესი ნაწილი უკვე დაღუპულია, ხშირად თავიანთ გადაწყვეტილებებს აწონილ-დაწონილად იღებდნენ: ერთი მხრივ, ისე მოქმედებდნენ, რომ საკუთარი მოქალაქეების წინაშე სახელს არ იტეხდნენ და მეორე მხრივ, თავს არიდებდნენ აშშ-სთან რეალურ ესკალაციას. „სწორედ ასეთი პიროვნება იყო თვითონ აიათოლა ალი ჰამენეი", - ამბობს ვალი ნასრი.
„ირანის ახალი ლიდერები კი ისწრაფვიან რაც შეიძლება მეტი დარტყმა მიაყენონ ამერიკას და მის მოკავშირეებს და მეტად დააზარალონ. ისინი ფიქრობენ, რომ ამით სამომავლო ომს თავიდან აიცილებენ", - აღნიშნავს ექსპერტი.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ირანში, კატარსა და იემენში ნიკოლას ჰოპტონი ხუთთვიან ომს ისეთ „ავანტიურას" უწოდებს, რომელიც შეუძლებელია მხოლოდ სამხედრო საშუალებით გადაწყდეს.
„როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯერაც ვერ გარკვეულა იმაში - სურს თუ არა მას ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დაასრულოს თუ შეეცადოს რაიმე სამხედრო წარმატების მიღწევას, რომელიც, საქმის მცოდნე დამკვირვებლების აზრით, არ იმუშავებს", - ასკვნის ნიკოლას ჰოპტონი, რომელიც ამჟამად ლონდონში არსებული გაერთიანებული სამხედრო კვლევების სამეფო ინსტიტუტის საპატიო მეცნიერ-თანამშრომელია.
ავტორ(ებ)ი :