03.08.2026 19:02
„ექსკლუზივი: კორუფცია და ავტორიტარიზმი. ქალი, რომელიც ორი წლის განმავლობაში უკრაინის მეთაურის პრეს-მდივანი იყო, ახლა ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალს სდებს, რომ პრეზიდენტმა ომი თავისი პოლიტიკური გადარჩენის საფუძვლად გადააქცია“ – ასეთი სათაური აქვს ინტერვიუს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ {2019-2021 წლებში) პრეს-მდივან იულია მენდელთან, რომელიც ფრანგულ გაზეთ „ლე ჟუღნალ დუ დიმანშ“-შია (JDD - Le Journal du Dimanche - „კვირის გაზეთი“) გამოქვეყნებული.
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
- თქვენ იყავით ვოლოდიმირ ზელენსკის პრეს-მდივანი ორი წლის განმავლობაში. როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს და როდის გაგიჩნდათ ეჭვი პრეზიდენტის საქმიანობის მიმართ?
- დიახ, მე ორი წელი ვმუშაობდი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრეზიდენტის ყველაზე ერთგულ თანამოაზრეთა შორის ვიყავი. მოგეხსენებათ, პრეს-მდივანი თავისი სახელით არ ლაპარაკობს, ის არის, როგორც იტყვიან - „პრეზიდენტის ხმა“ და არ შეუძლია საჯაროდ მას შეეწინაღმდეგოს, თუმცა უკვე 2021 წლისათვის მე ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკულად ვუყურებდი. რა თქმა უნდა, ამას ყველა ვერ გრძნობდა. იგი აშკარად არასწორად მოქმედებდა - გაუფუჭდა ურთიერთობა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, ამერიკელ დიპლომატებთან, ანგელა მერკელთან...
შემდეგ კი [როცა უკვე პრეს-მდივანი აღარ ვიყავი], დაიწყო რუსეთის აგრესია. მე, ისევე როგორც უკრაინელთა უმრავლესობამ, დადებითად შევაფასე ის ფაქტი, რომ მან უკრაინა არ დატოვა, მაგრამ 2022 წლის ივნისიდან ყველაფერი შეიცვალა: მის გარემოცვაში [სადაც ბევრს ვიცნობდი], შევამჩნიე კორუფციის მექანიზმები, მანიპულაციები. ცენზურა ზედმეტად ძლიერდებოდა, დემოკრატია უკან იხევდა. მივხვდი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებაზე უფრო მეტად ზრუნავდა, ვიდრე საკუთარი ქვეყნის ბედზე - თანამემამულეთა სიკვდილისა და ნგრევის თავიდან აცილებაზე.
- დღეს ვინ არის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თქვენთვის?
- ჩემი აზრით, პრეზიდენტი უკრაინის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ჩამოყალიბდა არასწორი ხედვა - მსოფლიოსათვის ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინა ერთი და იგივეა. შესაბამისად, მანაც დაიჯერა, რომ ხელოვნურად შექმნილი სახე სრულიად ბუნებრივია. ვფიქრობ, რომ ზელენსკი დღეს ომის მთავარი ბენიფაციარია. სწორედ ომი აძლევს მას იმის შესაძლებლობას, რომ ხელისუფლებაში დარჩეს - არჩევნების ჩატარება ხომ გაუქმებულია. პრეზიდენტის ირგვლივ ტრიალებენ ის კომპანიები, რომლებიც მისი გარემოცვის წევრებთან არიან დაკავშირებულნი და რომლებიც მილიარდობით მოგებას იღებენ. პრეზიდენტი ნარცისია და ასეთი ადამიანისთვის საერთაშორისო აპლოდისმენტები ძალიან ბევრს ნიშნავს.
- გამდიდრდნენ თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეგობრები ომის შედეგად?
- ამჟამად პრეზიდენტის მიერ თანამდებობებზე დანიშნული ბევრი ადამიანი და მისი გარემოცვის უმრავლესი წევრები კორუფციაში არიან დადანაშაულებულნი (...) ეს ფაქტი მოწმობს, რომ პრეზიდენტის გარემოცვა უკვე მაფიოზურ სტრუქტურად არის გადაქცეული. მე მათი პირადი საბანკო ანგარიშები არ მინახავს, მაგრამ რადგანაც რიგ თანამდებობის პირებს [ეროვნული ანტიკუფციული ბიურო და სპეცპროკურატურა] ბრალს უყენებენ, ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა მათი შავი საქმეები იცოდა და იცის. ანკი როგორ არ უნდა სცოდნოდა? არის ორი ვარიანტი: ან ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე არაკომპეტენტურია, ან უბრალოდ, თვალს ხუჭავდა.
- მაგრამ დასავლეთის ლიდერთა უმეტესობა, მაგალითად, ჩვენი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც აგრძელებს ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მხარდაჭერას და მას გმირად თვლის...
- ამის მიზეზი რამდენიმეა. მათგან ერთ-ერთი - პოლიტიკურ მიზეზს წარმოადგენს: უკრაინამ მილიარდობით ევრო სწორედ საფრანგეთის აქტიური მოქმედებით, ანუ ემანუელ მაკრონის ძალისხმევით მიიღო. ახლა რომ ევროპელმა ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკი იმ ადამიანად აღიარონ, როგორიც სინამდვილეში არ არის, როგორსაც საკუთარ თავს ასაღებს, ეს ხომ ევროპელი პოლიტიკოსებისათვის სირცხვილი და თავისმოჭრა იქნებოდა, ეს მათივე იმიჯს დააზიანებდა საკუთარი მოსახლეობის წინაშე: რატომ მიეცი ასეთ პიროვნებას ჩვენი ფული?
კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ მიცემული ფულის უდიდესი ნაწილი იარაღის ლოკალური წარმოებისათვის იხარჯება, რომელიც უკრაინას გადაეცემა. ევროკავშირი ფულს უყოფს თავისი წევრ-ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს, ისინი იარაღს ამზადებენ და უკრაინას აწვდიან.
ავტორ(ებ)ი :