24.08.2026 17:56

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times)  გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "რუსეთის მხრიდან გახშირებული სარაკეტო შეტევები მიანიშნებს, რომ კრემლი დარწმუნდა: უკრაინას ჰაერიდან თავდაცვა აღარ შეუძლია" (ავტორი - მეი კონსტანი).

 

"უკრაინის არმიის სარდლობამ განადგურებული რუსული რაკეტების სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა, რადგან მათ ჩამოგდებას ვეღარ ახერხებს. რუსეთის არმია სარგებლობს იმით, რომ უკრაინას „პეტრიოტის“ რაკეტების მარაგი ამოეწურა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელშიც ბოლო დღეებში უკრაინაში, კერძოდ, კიევში შექმნილი არასასიამოვნო სურათია გადმოცემული.

 

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დიდი ხნის განმავლობაში რუსი სამხედროები შემოწმებულ-გამოცდილი სქემით მოქმედებდნენ: ჯერ უპილოტო მფრინავი აპარატების (დრონების) ტალღებს უშვებდნენ, რათა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა მათ ჩამოგდებით ყოფილიყო დაკავებული, შემდეგ კი მას ბალისტიკურ რაკეტებს მიაყოლებდნენ, რომლებიც დრონების მიერ „გაკეთებულ საჰაერო ხვრელში“ - ანუ თავისუფალ დერეფანში - შედიოდნენ სამიზნეების დასაბომბად. რა თქმა უნდა, უკრაინელები რუსული ბალისტიკური რაკეტების მნიშვნელოვან რაოდენობას „პეტრიოტების“ ანტირაკეტებით ანადგურებდნენ, მაგრამ რასაც ვერ აგდებდნენ, ისინი წინასწარ შერჩეულ სამიზნე ობიექტებს მძლავრ დარტყმას აყენებდნენ.

 

მაგრამ რადგანაც ამჟამად უკრაინელ სამხედროებს „პეტრიოტის“ ანტირაკეტების (P-2 და 3) მარაგი ამოეწურათ, რუსები კიევს და სხვა ქალაქებს პირდაპირ ბალისტიკური რაკეტებით ურტყამენ, რომელთა აბსოლუტური რაოდენობა წარმატებით ანადგურებს სამიზნეებს. ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე ღამის შეტევების დროს უკრაინელებმა ვერცერთი რუსული რაკეტა ვერ ჩამოაგდეს.

 

ნიშანდობლივია, რომ უკრაინის სარდლობამ შეწყვიტა იმ მონაცემების გამოქვეყნება, თუ რამდენ დრონს და რაკეტას აგდებენ რუსების შეტევების დროს. ბოლო დღეებში ერთი-ორჯერ განაცხადეს, რომ ვერცერთი ბალისტიკური რაკეტა ვერ ჩამოვაგდეთო და შემდეგ შეჩერდნენ, რათა მოსახლეობაში შიში და უიმედობა არ გამოიწვიათ. დაბომბვის დროს, სამხედრო-სამრეწველო ობიექტებთან ერთად, ინგრევა და იწვის სამოქალაქო დანიშნულების შენობებიც, საცხოვრებელი კორპუსები... მსხვერპლი მატულობს. ბალისტიკური რაკეტების აფეთქების ხმა ისეთი ძლიერია, რომ მეტროს ღრმა მიწისქვეშა გრანიტის სადგურებიც კი ზანზარებს, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფება ხოლმე.

 

უკრაინელები აცნობიერებენ, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს მშობლიური ცის  დაცვა არ შეუძლიათ და ამიტომ ღამეებს, მეტროს პარალელურად, მიწისქვეშა ავტოსადგომებში და  გადასასვლელებში ათევენ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გასულ კვირას მომხდარი სარაკეტო შეტევების დროს კიევის მეტროპოლიტენის სადგურებში თავი შეაფარა თითქმის 40 ათასმა ადამიანმა. ბევრი ატარებს ყურის დამცველ მოწყობილობას, რომ რათა ცაზე გაფრენილი რუსული რაკეტების შიშისმომგვრელი ხმა და აფეთქების გრიალი ჩაახშოს.

 

გასულ კვირაში მომხდარი რუსული რაკეტების შეტევების დროს უკრაინელმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ დაიბომბა სასურსათო პროდუქტების საწყობები და ის შენობები, სადაც წითელი ჯვრის ორგანიზაციის მარაგებები (მედიკამენტები და სხვა მასალები) ინახება.

 

უკრაინის პრეზიდენტი ბოლო ხანებში მუდმივად სთხოვს მოკავშირეებს სასწრაფოდ უზრუნველყონ უკრაინის მოთხოვნები „პეტრიოტის“ რაკეტების მიწოდებაზე, თუმცა ევროპელი ლიდერები დახმარებას არ ჩქარობენ, ზოგიერთი კი მიანიშნებს, რომ რაკეტები, რომლებიც ირანთან ომის გამო თვით მწარმოებელ ქვეყანაში - აშშ-შიც კი დეფიციტი გახდა, თვითონ ჭირდებათ და უკრაინას ვერ მისცემენ. ფაქტიურად, ჩაიშალა დონალდ ტრამპის დაპირებაც უკრაინაში „პეტრიოტის“ რაკეტების ლიცენზიით დამზადების თაობაზე. არადა, რუსული „ისკანდერების“ ჩამოგდება მხოლოდ „პეტრიოტის“ ანტირაკეტებს ძალუძთ.

 

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტებმა შეისწავლეს უკრაინის არმიის სარდლობის მიერ ივლისში ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემები და გაარკვიეს, რომ აღნიშნულ თვეში ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ რუსული ბალისტიკური რაკეტების მხოლოდ ერთი მესამედი ჩამოაგდო, აგვისტოს შუახანებიდან კი არცერთი. შემდეგ კი მონაცემების გამოქვეყნება შეწყდა.

 

„ადრე დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ჩვენი მეზენიტეები რუსული რაკეტების უმრავლესობას ანადგურებდნენ და თავს ბევრად უფრო დაცულებად ვგრძნობდით, მაგრამ ახლა, როცა სამხედროებს ანტირაკეტები აღარ აქვთ, მუდმივად ძლიერ სტრესში ვართ“, - ამბობს კიეველი ქალი, 50 წლის ანგელინა შოსტაკი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტთან საუბარში.

 

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ