სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
GE EN RU
"მილეი ფოლკლენდის კუნძულების მიმართ არსებულ სადაო საკითხს უბრუნდება"-Financial Times 04.09.2026 21:58

„არგენტინის ლიბერტარიანული პრეზიდენტი ჰავიერ მილეი ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს უბრუნდება დიდი ბრიტანეთის მიმართ და მას პოლიტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტულ საკითხად აყენებს: ვაშინგტონსა და ლონდონს შორის შექმნილი დაძაბული ურთიერთობა ბუენოს-აირესს შესაძლებლობას აძლევს სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს“, -  წერს პოლიტიკური მიმომხილველი სიარა ნიუჯენტი ბრიტანულ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times)  გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მილეი ფოლკლენდის კუნძულების მიმართ არსებულ სადაო საკითხს უბრუნდება“.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

ჰავიერ მილეი, რომელიც თავისი ანგლოფილობით (ბრიტანეთისადმი სიყვარულით) და მარგარეტ თეტჩერის თაყვანისცემით გამოირჩევა და რომელმაც 2023 წელს, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა გააუმჯობესა, ამჟამად დიალოგისათვის ახალ არხებს ხსნის და დიდ ბრიტანეთში ვიზიტს გეგმავს.

 

პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ მემარცხენე პერონისტული ოპოზიციის მხრიდან მკაცრი ბრალდებები გამოიწვია: მათი თქმით, ჰავიერ მილეი ლოიალურად უყურებს ბრიტანეთის პრეტენზიებს ლონდონიდან შორს, „ზღვების მიღმა მდებარე“ ფოლკლენდის კუნძულების მიმართ, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ეროვნულ ლოზუნგად ითვლება.

 

მაგრამ რადგანაც არგენტინის ეკონომიკის განვითარება თანდათან ნელდება და პარალელურად, ჰავიერ მილეის პოპულარობაც მცირდება, მისი უახლოესი მოკავშირე დონალდ ტრამპი მეგობარს ისეთ სიტუაციას უქმნის, რომ მან თავი აარიდოს ოპოზიციის ბრალდებებს.

ისტორიულად ვითარება ისე ჩამოყალიბდა, რომ აშშ დე-ფაქტოდ აღიარებს ფოლკლენდის კუნძულებზე დიდი ბრიტანეთის მმართველობას, ხოლო სუვერენიტეტის თაობაზე დავაში ნეიტრალიტეტს იცავს. მაგრამ ორშაბათს, 31 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის პოზიცია კუნძულების მიმართ შეიძლება გადაიხედოს და შეიცვალოს. შემდეგ, ხუთშაბათს, 3 სექტემბერს, დონალდ ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი დღეს „ისეთი ქვეყანა აღარ არის, როგორიც ადრე იყო“, როცა 1982 წელს არგენტინასთან ფოკლენდის კუნძულების გამო ომში გაიმარჯვა.

თავის მხრივ ჰავიერ მილეიმ ხუთშაბათს „უჩვეულო“ ტელემიმართვის დროს განაცხადა, რომ სურს თანამემამულეებს ის დიპლომატიური პროგრესი აცნობოს, რომელიც კუნძულების საკითხს უკავშირდება და რომელიც „ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა საქმეა ჩვენთვის, არგენტინელებისთვის“.

 

დონალდ ტრამპის განცხადება ჰავიერ მილეისათვის, როგორც იტყვიან, „ზედგამოჭრილი აღმოჩნდა“. არგენტინის პრეზიდენტი, რომელსაც, მართალია, რეიტინგი უვარდება (იანვარში - 52%, ივლისში - 38%), მაგრამ მას მაინც სურს მომავალი წლის ბოლოს დაგეგმილ არჩევნებში ქვეყნის ლიდერად მეორე ვადით დარჩეს.

 

„ეს პეპლის ეფექტის“ ერთგვარი გამოხატულებაა: დონალდ ტრამპი აშშ-ში რაღაცას იტყვის, მისი ნათქვამი კი აქ მიწისძვრას იწვევს“, -  ამბობს სერხიო ბერენშტეინი, ბუენოს-აირესელი პოლიტიკური კონსულტანტი, - „ჰავიერ მილეის დღეს ჰაერივით ჭირდება კარგი ამბები ლიდერობის განსამტკიცებლად, შესაბამისად, დონალდ ტრამპის ნათქვამი მისთვის დადებით რესურსს წარმოადგენს და, რასაკვირველია, მას გამოიყენებს“.

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონალდ ტრამპის კომენტარების საპასუხოდ განაცხადა, რომ ლონდონის პოზიცია უცვლელი და ფოლადივით მტკიცეა - ფოლკლენდის კუნძულები ინგლისის ზღვისიქითა ტერიტორიად რჩება.

 

არადა, ფოკლენდის (მალვინის) კუნძულები დიდი ხნის განმავლობაში იყო და არის არგენტინული იდენტურობის საფუძველი - პლაკატები და გრაფიტები იმაზე, რომ კუნძულები ნამდვილად არგენტინას ეკუთვნის, მთელ ქვეყანაში შეიძლება დავინახოთ.

 

ამასთან, სამხრეთამერიკულ ქვეყანაში დღეს განსაკუთრებული ნაციონალისტური განწყობებია შექმნილი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც ამ ზაფხულს ჩატარდა. გავიხსენოთ: ინგლისთან ნახევარფინალურ მატჩში გამართული მძაფრი ბრძოლა იმით დასრულდა, რომ არგენტინამ გაიმარჯვა, ხოლო არგენტინელმა გულშემატკივრებმა აღმართეს დროშა წარწერით „მალვინის კუნძულები არგენტინას ეკუთვნის“, თანაც დასახელება ბრიტანული (ფოლკლენდი) კი არა, არამედ სპეციალურად ესპანურენოვანი (მალვინი) ანუ არგენტინული გამოიყენეს.

 

ასეთმა ვნებებმა ხელი შეუწყო აგვისტოში მომხდარ მასობრივ პროტესტებს, რომლის შემდეგ მთავრობა იძულებული გახდა უკან გაეწვია კანონპროექტი, რომელიც არგენტინის სანქციებს ასუსტებდა უცხოელების (ამ შემთხვევაში - ბრიტანელების) მიერ კუნძულების ფლობაზე. ოპოზიციის საპროტესტო აქციების ლიდერებმა პრეზიდენტი „სამშობლოს ღალატში“ დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ჰავიერ მილეის „ქვეყნის გაყიდვა აქვს ჩაფიქრებული“.

 

საქმე ეხება ფოკლენდის კუნძულებთან ახლოს მიმდინარე ნავთობის საძიებო სამუშაოებს, რომლის თანახმად, ნავთობის სამრეწველო მოპოვება 2028 წელს უნდა დაიწყოს. მთავარი მომენტი ისაა, რომ ნავთობის პროექტში მონაწილეობენ... დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის კომპანიები. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ბრიტანულ და ისრაელურ კომპანიებს არგენტინისაგან გარკვეული თავისუფლება უნდა მისცემოდათ, მაგრამ საპროტესტო აქციებმა პრეზიდენტზე გავლენა მოახდინა და იგი იძულებული გახდა სანქციები უფრო გაემკაცრებინა.

გარდა ამისა, ჰავიერ მილეის ეწინააღმდეგება მისი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორია ვილიარუელი, რომლისთვისაც ფოკლენდის კუნძულების არგენტინისადმი კუთვნილება სადო არ არის და განხილვას არ ექვემდებარება.

 

ბოლო წლებში პრეზიდენტის მცდელობებს, რომ დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა გაეაქტიურებინა, მაინცდამაინც დიდი კონკრეტული შედეგები არ მოუტანია. ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა 2024 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ბუენოს-აირესსა და პორტ სტენლს (კუნძულების ადმინისტრაციულ ცენტრს) შორის ავიამიმოსვლის შესახებ. ასევე ჩიხში შევიდა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორისმიმდინარე  მოლაპარაკება არგენტინისთვის ბრიტანული იარაღის მიყიდვის თაობაზე.

 

ჰავიერ მილეისათვის ლონდონში დაგეგმილი ვიზიტის რეალიზება ძნელი იქნება. მით უმეტეს ახლა, როცა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა თეთრმა სახლმა ფოლკლენდის კუთვნილების საკითხში პოზიციები გადასინჯოს.

 

არგენტინელებს იმედი გაუჩნდათ, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკის ცვლილება ლათინური ამერიკის ქვეყნების მიმართ (ე.წ. „დონროს დოქტრინა“) ბუენოს-აირესისათვის მომგებიანი იქნება, დიდ ბრიტანეთთან და ჩინეთთან აშშ-ის მზარდი დაძაბულობის ფონზე.

როგორც არგენტინის კვლევითი ცენტრის „საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს“ მეცნიერ-თანამშრომელი ფაბიან კალე ამბობს, ვაშინგტონს სურს, რომ სამხრეთ ატლანტიკაში მეტი სტაბილურობა და პროგნოზულობა იყოს, რადგან ახლოსაა აშშ-სათვის სტრატეგიული ადგილები - მაგელანის სრუტე და ანტარქტიდა.

 

„დიდ ბრიტანეთს სამხრეთ ატლანტიკის გაკონტროლება არ შეუძლია... ლონდონს არ აქვს საჭირო გავლენა ბიპოლარულ მსოფლიოში, სადაც ჩინეთი მთელ მსოფლიოში თავისი გავლენის გაფართოებას ცდილობს, მათ შორის ლათინურ ამერიკაშიც“, - აღნიშნავს ექსპერტი და არგენტინას და დიდ ბრიტანეთს მოლაპარაკებისაკენ მოუწოდებს, აშშ-ის შუამავლობით.

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ