14.09.2026 15:58
"დონალდ ტრამპის მემკვიდრე ნებისმიერ შემთხვევაში ჯეიმს ვენსი უნდა იყოს"- ასეთი სათაურით არის სტატია გამოქვეყნებული ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph), რომელშიც ავტორი - გამოცემის ვაშინგტონელი კორესპონდენტი ბენედიქტ სმიტი აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკური მემკვიდრეობის საკითხზე მსჯელობს: ვინ იქნება აშშ-ის 48-ე პრეზიდენტი 2028 არჩევნების შედეგად - ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი თუ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო?
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ჯეი დი ვენსი დალასში გამართული რესპუბლიკური პარტიის ყრილობის სცენაზე ისეთი კაცის სახით გამოვიდა, რომელიც დარწმუნებული იყო - იგი აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი იქნება.
და როცა იგი სცენიდან გავიდა, აუდიტორიაც უკვე იგივეში იყო დარწმუნებული.
დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტის ბედს უკვე ერთი წლის განმავლობაში არკვევს, მაგრამ ჯერაც ვერ გაურკვევია - იქნება თუ არა ჯეიმს დევიდ ვენსი პრეზიდენტის პოლიტიკური მემკვიდრე? ვიცე-პრეზიდენტის პერსპექტივა ჯერაც "ჰაერშია ჩამოკიდებული". დონალდ ტრამპი არაოფიციალურად ეკითხება მრჩევლებს, სანდო პირებს და მხარდამჭერებს იმაზე, თუ ვინ უნდა გახდეს მისი პოლიტიკური მემკვიდრე - მისტერ ჯეიმს დევიდ ვენსი თუ მისტერ მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
ალბათ, დონალდ ტრამპი თამაშობდა - ამ საკითხს სპეციალურად აჭიანურებდა, საზოგადოებაში ინტერესის გამოსაწვევად. ბუნებრივია, სანამ იგი თავის მემკვიდრეს არ დაასახელებდა, მანამ იგი თვითონაც ყურადღების ცენტრში დარჩებოდა.
ეს ყველაფერი დასრულდა დალასში გამართულ პარტიის შუალედურ ყრილობაზე (კონფერენციაზე) ხუთშაბათს, სადაც მისტერ ჯეიმს ვენსის გამოჩენამ დელეგატების მქუხარე აპლოდისმენტები გამოიწვია... და ამ დროს მარკო რუბიო დალასიდან შორს, დიპლომატიურ ტურნეში იმყოფებოდა, რომელიც ვადებში რესპუბლიკური პარტიის ყრილობას დაემთხვა.
ჯეიმს ვენსმა კარგად იცის, თუ როგორ მოახდინოს ზეგავლენა ადამიანებზე და ხშირად ხუმრობდა კიდეც. შეძახილებზე „ჯეი-დი-48“, (თუ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მას ქვეყნის მეთაურად აირჩევენ, იგი აშშ-ის 48-ე პრეზიდენტი გახდება), ჯეიმს ვენსმა განაცხადა: „ჯერ ჩვენ ნოემბრის საქმე უნდა მოვაგვაროთ, დანარჩენზე კი მოგვიანებით ვიფიქრებთ“.
და როცა ერთ-ერთმა უკმაყოფილო დელეგატმა დარბაზში მექსიკის დროშა გაშალა, ჯეიმს ვენსის ნათქვამმა აღფრთოვანება გამოიწვია: „მეგობარო, თუ მექსიკა ასე ძალიან გიყვარს, გზა დამილოცნია... თვითმფრინავის ბილეთს მე გიყიდი“.
ჯეიმს ვენსის ამჟამინდელი გამოსვლა 2024 წლის ეროვნულ ყრილობაზე მისი გამოსვლის გაგრძელებად უნდა განვიხილოთ - როცა იგი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად და დონალდ ტრამპის მეწყვილედ დამტკიცდა.
იმ დროს ჯეიმს ვენსი სენატორი იყო ოჰაიოს შტატიდან. მან საკუთარი თავი იმ ამერიკული საზოგადოების პროდუქტად წარმოადგინა, რომელიც დამახინჯებული პოლიტიკური კონსენსუსით იყო დარღვეული, რომელიც არმიას საზღვარგარეთ გზავნიდა, ქვეყანა კი ნარკოტიკების სიმრავლით იყო გაბრუებული. ჯეიმს ვენსი, რომელიც თავის თავს „სოფლელს“ უწოდებდა, შემდეგ ლოზუნგის „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ (MAGA) ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და განსახიერება გახდა.
თავის გამოსვლაში ჯეიმს ვენსმა, რომელიც უკვე მტკიცედ დგას საერთო ეროვნულ არენაზე, აშშ-ის პერსპქტივაზე ილაპარაკა. ოთხი შვილის მამამ, რომელთაგან უმცროსი ივლისში დაიბადა, თავისი ოჯახის სახელით განაცხადა, რომ ყოველვის ერთგული და დამცველი იქნება უფლებისა „მოქალაქეობა დაბადებით“ (კონსტიტუციის მე-14 შესწორება), რომელსაც დემოკრატები გაუქმებით ემუქრებიან. „მე მომავალს ჩემი შვილების თვალებით ვუყურებ... არ დავივიწყებ, რისთვის ვიბრძვით“.
ჯეიმს ვენსმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რასაც რესპუბლიკელი სტრატეგები დონალდ ტრამპს ემუდარებოდნენ: პრეზიდენტმა უნდა აჩვენოს, რომ მას ამომრჩეველთა უკმაყოფილობა ესმის და გულთან მიაქვს. პრეზიდენტი ისე არ უნდა მოიქცეს, რომ გამარჯვება გამოაცხადოს გზა უკანმოუხედავად გააგრძელოს.
დონალდ ტრამპმა ამის გაკეთება ვერ შეძლო ან არ უნდოდა. ჯეიმს ვენსმა კი ეს შეძლო, მაგრამ ძალიან ფრთხილად, რათა პრეზიდენტის წყენა არ გამოეწვია - ასეა თუ ისე, მისი პოლიტიკური მომავალი მაინც დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.
ჯეიმს ვენსს თავის გამოსვლაში სიტყვა „ირანი“ არცერთხელ არ უხსენებია, მაგრამ მისი გზავნილი ნათელი იყო: „ამერიკელებმა რესპუბლიკელებს ზურგი არ უნდა შეაქციონ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო“. „ვთხოვ ამერიკელებს - ბავშვს გადაქცეულ წყალს ნუ გადავაყოლებთ... ნუ ჩავუგდებთ ქვეყანას ხელში უგუნურებს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ამა თუ იმ კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხში არ გვეთანხმებით“, - მიმართა მან ამერიკელ ამომრჩევლებს.
ჯეიმს ვენსის ყრილობაზე გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ამერიკელ მეთაურებს - მაღალჩინოსან ოფიცრებს - დაურეკა, ესაუბრა და სთხოვა, რომ ომის მიმდინარეობა პირნათლად და პატიოსნად შეეფასებინათ.
მარკო რუბიო, რომელიც, თავის მხრივ, დიპლომატიურად მოიქცა: მან კარგად იცის, რომ პრეზიდენტის მემკვიდრეობისათვის ჯეიმს ვენსთან ბრძოლა მისთვის წამგებიანი იქნება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა სამოქმედოდ დიპლომატიური გზა აირჩია.
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიოს თანამდებობები და ტიტულები უბოძა - იგი აშშ-ის ისტორიაში მეორე სახელმწიფო მდივანია, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაც აქვს, ჰენრი კისინჯერის მსგავსად. ისევე როგორც კისინჯერი, მარკო რუბიოც, ალბათ, შეეცდება თავისი გავლენა შეინარჩუნოს რესპუბლიკელ პრეზიდენტებზე და, ალბათ, იმავე ჯეიმს ვენსსზეც, თუ იგი პრეზიდენტი გახდება.
და თუ მისტერ ვენსს რაღაც შეეშლება და „ფეხი დაუცდება“, მისტერ რუბიოს შეუძლია საკუთარი თავის წარმოჩენა, რაც მისთვის პრობლემა არ იქნება.
არცთუ დიდი ხნის წინათ, ივნისში, მარკო რუბიო და ჯეიმს ვენსი „ხელი-ხელ ჩაკიდებულნი“ იყვნენ პროგნოზებში, თუ ვინ გახდებოდა დონალდ ტრამპის მემკვიდრე. ამჟამად კი იმის ალბათობა, რომ ვიცე-პრეზიდენტი რეიტინგის მწვერვალს მიაღწევს, ორჯერ მეტად მაღალია, მეტოქესთან შედარებით.
დონალდ ტრამპს წილად ხვდა საბოლოო სიტყვით გამოსვლა და შეიძლება ამით ბოლოჯერ მოხვდა ყურადღების ცენტრში. ნოემბერში, შუალედური არჩევნების შედეგად, არის რისკი იმისა, რომ იგი „კოჭლ იხვად“ გადაიქცეს, ანუ პრეზიდენტის რესპუბლიკური პარტია კონგრესში უმრავლესობას დაკარგავს, თვითონ ტრამპის მიმართ კი ყურადღება ნელ-ნელა გაქრება.
დონალდ ტრამპი, რომელსაც საოპერო მომღერალი სერენადას უმღერდა, მუსიკასთან მარტოდმარტო დარჩა.
ჯეიმს ვენსმა სცენა თავისი გამოსვლის შემდეგ სწრაფად დატოვა. როცა იგი კვლავ გამოვა ყრილობის სცენაზე, დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტს, დიდი ალბათობით, უკვე პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსი ექნება.
ავტორ(ებ)ი :