16.09.2026 15:36
ბრიტანული გაზეთის „ფაინანშელ თაიმსის“ (Financial Times) 16 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "ვლადიმერ პუტინმა, უკრაინული დრონების შიშით, "ვალდაის" კლუბის სამიტი სოჭიდან მოსკოვში გადაიტანა" (ავტორი - მაქს სედონი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკური ღონისძიების - „ვალდაის“ კლუბის მონაწილეთა კონფერენციის ადგილის შეცვლის მიზეზები.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
საქმის კურსში მყოფი ოთხი ადამიანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი თავის მთავარ საგარეოპოლიტიკურ ღონისძიებას - „ვალდაის კლუბის“ წევრთა შეხვედრა-დისკუსიას, უკრაინის დრონებისაგან გამოწვეული შიშის გამო, სოჭიდან შედარებით უსაფრთხო ადგილზე - მოსკოვში გამართავს, 28 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით.
ფორუმის საორგანიზაციო გეგმაში შეტანილი ცვლილება ძალიან სწრაფად მოხდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხე სულ უფრო მატულობს, ვიდრე ეს ომის ოთხ წლის განმავლობაში იყო.
კონფერენციის 120-მა მონაწილემ ეს ამბავი ახლახან გაიგო: ოფიციალური მიწვევის მიხედვით, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ფორუმი სოჭში უნდა გამართულიყო, შავი ზღვის კურორტზე, სადაც ვლადიმერ პუტინის რეზიდენცია მდებარეობს. ორი ანონიმური წყაროს ცნობით, საორგანიზაციო გეგმაში ცვლილება შესულა პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით.
როგორც რუსული მასმედია წერს, საფრთხე მართლაც არსებობს: ზაფხულში უკრაინამ დრონებით დაბომბა როგორც სოჭის ახლოს მდებარე ნავთობბაზა, ასევე სხვა საკურორტო ადგილები, რომლის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 188 მოქალაქემ კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
ვლადიმერ პუტინი სოჭში უკვე ერთი წელია არ ჩასულა. ბოლო დროს რუსეთის პრეზიდენტი თავის რეზიდენციაში შარშან იყო, როცა ოქტომბრის ბოლოს იქ „ვალდაის“ კლუბის წევრთა შეხვედრა-კონფერენცია გაიმართა. ეს ფაქტი მკვეთრად კონტრასტულია 2021 წელთან, ანუ იმ დროსთან, სანამ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყებოდა, როცა პრეზიდენტი სოჭს 21-ჯერ ეწვია.
ფორუმზე, რომელიც კრემლის საგარეო პოლიტიკის დემონსტრირებასს ახდენს, უნდა განიხილონ საკითხი, „თუ რამდენად შეიძლება მართვადი და კონტროლირებადი იყოს საერთაშორისო სიტუაცია იმ სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც მსოფლიოს მრავალმხრივი ინსტიტუტების წინაშე დგას“.
სტუმრების წინაშე გამოვლენ მაღალჩინოსანი ოფიციალური პირები, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი, რომელიც ადრე ენერგეტიკის მინისტრი იყო (სხვათა შორის, იგი უკრაინელია, ავდეევკაში 1971 წელს დაბადებული), პრეზიდენტის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი მაქსიმ ორეშკინი. კონფერენციის დასასრულს, ტრადიციულად, ვლადიმერ პუტინი გასმოვა და ფორუმს შეაჯამებს, პრეზიდენტი პასუხს გასცემს დისკუსიის მონაწილეთა კითხვებსაც.
ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა და „ვალდაის კლუბის“ ორგანიზატორებმა „ფაინენშელ თაიმსის“ თხოვნა, რომ კომენტარები გაეკეთებინათ ფორუმის ადგილის შეცვლაზე, უპასუხოდ დატოვეს.
აშკარაა, რომ კრემლი სულ უფრო მეტად არის შეშფოთებული იმით, რომ უკრაინული საშუალო და დიდი სიშორის დრონები შეიძლება რუსეთის პრეზიდენტს დაემუქრნონ.
ეყრდნობოდა რა ძირითადად სამამულო (უკრაინულ) ტექნოლოგიებს, კიევმა ისეთი დრონები შექმნა, რომლებიც ფრენის სიშორით რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურის ობიექტებს თვით ციმბირის ქალაქ ახალ ურენგოიმდე მისწვდებიან, ანუ ისეთებს, რომლებიც პოლარული წრის მიღმა არიან განლაგებულნი, უკრაინიდან თითქმის სამი ათას კილომეტრის დაშორებით.
გასულ პარასკევს უკრაინელმა სამხედროებმა დრონებით დარტყმა მიაყენეს ადლერში მდებარე მსხვილ ნავთობბაზას, რომლის შედეგაც ცაში შავი კვამლის შთამბეჭდავი „ღრუბელი“ წარმოიქმნა, შეწყდა ავიაფრენები სოჭის აეროპორტიდან.
მიმდინარე წელს ვლადიმერ პუტინმა ძირითადად კრემლში, სანქტ-პეტერბურგში და მოსკოვის ახლოს მდებარე რეზიდენცია „ვალდაიში“ მუშაობდა. სხვათა შორის, გასული წლის ბოლოს რუსეთმა უკრაინას ბრალი დასდო „ვალდაის“ რეზიდენციის წინააღმდეგ დრონებით შეტევაში, თუმცა მოსკოვის წარმოდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები შეტევის ფაქტის დასაფიქსირებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები კვირას უნდა ჩატარდეს. წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის შიგნით რეგიონებში ჩასვლები და საზღვარგარეთული ვიზიტები გაააქტიურა - პრეზიდენტი იმყოფებოდა ურალში, ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში (მაგრამ თავი აარიდა რუსეთის ევროპულ ნაწილში ჩასვლებს, უკრაინული დრონების შიშით), ასევე მან მონაწილეობა მიიღო ბიშკეკში (ყირგიზეთში) გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სამიტში, ასევე ამ ცოტა ხნის წინათ იმყოფებოდა ინდოეთში - ნიუ-დელში, სადაც „ბრიკსის“ წევრი ქვეყნების მეთაურთა სამიტი ჩატარდა.
ავტორ(ებ)ი :