ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
GE EN RU
"ბერნემი გაერთიანებული სამეფოს დაშლას ვერ შეაჩერებს"-The Daily Telegraph 16.09.2026 16:44

„შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ისტორიულ პაქტს თვითგამორკვევის უფლების შესახებ - ვესტმინსტერის (დიდი ბრიტანეთის მთავრობის) დრო იწურება“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) მიერ 15 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: "ბერნემი გაერთიანებული სამეფოს დაშლას ვერ შეაჩერებს" (ავტორი - საიმონ ჯონსონი), რომელშიც განხილულია საკითხი დიდი ბრიტანეთის, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

„ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი უძლურია გაერთიანებული სამეფოს დაშლა შეაჩეროს“, - განაცხადეს ჩრდილოეთ ირლანდიის პარტია „შინ ფეინში“ (Sinn Fein), როცა ხელი მოეწერა შეთანხმებას შოტლანდიისა (Scottish National Party – SNP) და უელსის ნაციონალისტურ (Plaid Cymru) პარტიებთან.

 

კარდიფში, დიდი ბრიტანეთის ისტორიული მხარის - უელსის ადმინისტრაციულ ცენტრში - გამართულ შეხვედრაზე სამი ავტონომიური ხალხის პირველმა მინისტრებმა - შოტლანდიელი ნაციონალისტების ლიდერმა ჯონ სუინმა, უელსური Plaid Cymru-ს ლიდერმა რინ იორვერტმა და ჩრდილოეთ ირლანდიის პარტია „შინ ფეინის“ ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ ო’ნილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ.

 

შეთანხმება მოწოდებულია გააძლიეროს ზეწოლა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის სასურველი იქნებოდა ირლანდია გაერთიანებული ყოფილიყო (ჩრდილოეთ ნაწილთან ერთად, ბელფასტით).

 

ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრის მიშელ ო’ნილის განცხადებით, ენდი ბერნემი „ვერ შეძლებს ნაციონალიზმის მოქცევის ტალღის შეჩერებას ვერც შოტლანდიაში, ვერც უელსში და ვერც ჩრდილოეთ ირლანდიაში“. როგორც მან ერთობლივ პრეს-კონფრენციაზე აღნიშნა, „ჩვენ ვცხოვრობთ უდიდესი გარდაქმნების ეპოქაში - ისეთი შეუჩერებელი ცვლილების პერიოდში, რომლებიც, რაც არ უნდა თქვას ნებისმიერმა ბრიტანელმა პრემიერ-მინისტრმა, მათ ვერ შეაყოვნებს. ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება. ჩვენი საერთო საქმეა იმის გაცნობიერება, რომ ვესტმინსტერი არ ემსახურებოდა და არც არასოდეს არ იქნება ჩვენი ხალხების სამსახურში. ჩვენი საერთო საქმეა ჩვენი თვითგამორკვევის უფლება. ჩვენი საერთო საქმეა ერთად მივაღწიოთ იმას, რომ ეს სიგნალი ვესტმინსტერში გაიგონ და გააცნობიერონ“.

 

მიშელ ო’ნილის თქმით, „ირლანდიის გაერთიანება დღის წესრიგიდან არასოდეს არ ყოფილა მოხსნილი“ და ენდი ბერნემის ნათქვამისაგან განსხვავებით, „დონალდ ტრამპის სიტყვები ზუსტად ასახავს ჩვენი ხალხის სურვილს. დიახ, რაც არ უნდა თქვას ენდი ბერნემმა, ის ვერ შეძლებს მოქცევის ტალღის შეჩერებას“.

 

მემორანდუმში აღნიშნულია, რომ მაისის არჩევნებში უელსური PlaidCymru-ს გამარჯვების შემდეგ ბრიტანეთის სამი სეპარატისტული პარტია ერთდროულად პირველად აღმოჩნდნენ რეგიონების ხელისუფლებაში: „ძნელია წარმოიდგინო ისეთი უკეთესი ნიშანი, როგორსაც დღეს ვხედავთ - ეს გვაჩვენებს, რომ ვესტმინსტერის დრო იწურება“, - ნათქვამია დოკუმენტში, - „ჩვენ გვჯერა, რომ მალე საკონსტიტუციო გარდაქმნა-ცვლილებები მოხდება“.

სამპარტიულ პაქტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ სამ ხალხს „ირლანდიელებს, შოტლანდიელებს და უელსელებს (ვალიელებს) თვითგამორკვევის უფლება აქვთ, რომელსაც ვესტმინსტერი ვერ დაბლოკავს. ჩვენ თვითგამორკვევა გვსურს და ამას თავის დროზე აუცილებლად მივაღწევთ“. დოკუმენტში ასევე  აღნიშნულია, რომ „დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მმართველობის ძირფესვიანი და საკონსტიტუციო გარდაქმებისთვის უნდა მოემზადოს“.

 

შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ დამოუკიდებლობის მიღწევისთანავე სამივე „სახელმწიფო“ ევროკავშირის წევრები გახდებიან - მიუხედავად იმისა, რომ უელსმა თავის დროზე ხმა ბრექსიტს მისცა: „ჩვენი ხალხები მომავალი ევროკავშირის შემადგენლობაშია“. პაქტის თანახმად, განზრახულია უაიტჰოლის დრომოჭმული ეკონომიკური მოდელის დამხობა. „ჩვენი ხალხებს თვითგამორკვევის უფლება აქვთ. ვესტმინსტერის ვერცერთი მთავრობა დემოკრატიას ვერ დაბლოკავს. ჩვენმა ხალხებმა საკუთარი მომავალი თვითონ უნდა გადაწყვიტონ“, - ხაზგასმულია დოკუმენტში.

 

ირლანდიის რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწემ, „შინ ფეინის“ ლიდერმა, მერი ლუ მაკდონალდმა პაქტს „ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ დაფიქსირდა სამი ხალხის უფლება - თვითონ შექმნან თავიანთი მომავალი.

 

თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ დისკუსია-დებატების მოწყობა რეფერენდუმებზე და დამოუკიდებლობებზე გამორიცხულია.

როგორც ცნობილია, შოტლანდიაში 2007 წლიდან ნაციონალისტური პარტიის ხელისუფლებაა, მაგრამ როცა 2014 წელს პარტიამ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარა, შოტლანდიის მოსახლეობის უმეტესობამ იდეას მხარი არ დაუჭირა. მას შემდეგ ვესტმინსტერი შოტლანდიელებს რეფერენდუმის ჩატარების ნებას აღარ აძლევს.

 

უელსში პარტია Plaid Cymru მიმდინარე წლის მაისში პირველად მოვიდა ხელისუფლებაში, ჩრდილოეთ ირლანდიას კი „შინ ფეინი“ 2022 წლიდან მართავს.

 

როგორც შოტალნიელი ნაციონალისტების ლიდერმა ჯონ სუინმა განაცხადა, ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს ბოლო პრემიერ-მინისტრი გახდება.

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, „პრემიერ-მინისტრი ცდილობს გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში მყოფი ყველა ოთხივე ხალხისათვის სასურველი გარდაქმნები განახორციელოს, მაგრამ ეს მოხდება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ჩარჩოებში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ გაერთიანებული სამეფო ძლიერი იყო, არის და იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ერთად ვართ საერთო ფასეულობებით. პრობლემები ერთად უნდა მოვაგვაროთ“.

 

შოტლანდიელი კონსერვატორების ლიდერის რასელ ფინდლის განცხადებით, „ბევრი შოტლანდიელისათვის მოულოდნელი იყო ჯონ სუნის ყოფნა „შინ ფეინის“ ლიდერის მიშელ ო’ნილის მხარდამხარ. მათ ერთად სურთ ჩვენი სამშობლოს - გაერთიანებული სამეფოს დაშლა და განადგურება. დროა ედინბურგის (შოტლანდიის დედაქალაქის) მთავრობამ ჭკუას მოუხმოს და საქმით დაკავდეს“.

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ