ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
GE EN RU
"გერმანული "ალტერნატივა გერმანიისათვის" და ფრანგული "ეროვნული გაერთიანება" პრორუსული პარტიები არ არიან" -Myśl Polska 23.09.2026 21:42

პოლონური ყოველკვირეული გაზეთის „მისლ პოლსკას" („Myśl Polska" - „პოლონური აზრი") 21 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „გერმანული „ალტერნატივა გერმანიისათვის" და  ფრანგული „ეროვნული გაერთიანება" პრორუსული პარტიები არ არიან" (ავტორი - ლუკაშ იასტჟემბსკი). პუბლიკაციაში განხილულია ევროპული საზოგადოების პოლიტიკური პერსპექტივის რამდენიმე ვერსია: როგორ მოხდება აღნიშნული პარტიების ტრანსფორმაცია, დაუპირისპირდება თუ არა რუსეთი ნატოს და როგორია რუსეთის მეთაურის მრწამსი ბირთვული ომის მიმართ (ვისაც რუსეთი დაღუპვა სურს, უნდა იცოდეს: არც რუსეთს სურს ისეთი მსოფლიოს არსებობა, სადაც თვითონ არ იქნება).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისათვის" (AfD), საქსონია-ანჰალტის მხარეში გამარჯვების შემდეგ, კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა, ამჯერად მეკლენბურგ-წინა პომერანიაში. ქვეყნის მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ავტორიტეტი და რეიტინგი ისტორიულად დაბალია. არჩევნების შედეგები თვალსაჩინოდ ასახავს გერმანიაში არსებულ განწყობებს. გერმანული საზოგადოება დაიღალა უკრაინისადმი ძალზე ძვირადღირებული დახმარებით და მცდარი იმიგრაციული პოლიტიკით.

 

მაგრამ არასწორად მსჯელობენ ის კომენტატორები, რომლებიც AfD-ის წარმატებაში გერმანიის „ანტისაომარი შემობრუნების" შანსს ხედავენ და რომლებიც ფსონს დებენ რუსეთან მოლაპარაკების დაწყებაზე. რა თქმა უნდა, AfD-ის გამარჯვება გარკვვეულწილად გავლენას მოახდენს ომის მომხრე ძალებზე და მეტად თუ ნაკლებად მათ დაბლოკვას შეეცდება, მაგრამ ეს მტკიცე და გრძელვადიანი ტენდენცია არ იქნება. ამის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს. როგორც AfD-ის დეპუტატმა როდიგერ ლუკასონმა განაცხადა კიევიდან დაბრუნების შემდეგ, „თუ სიტუაციას საღად შევაფასებთ, მე არა მგონია, რომ რუსეთს მოლაპარაკება სურდეს... კრემლის მხრიდან ნატოს ტერიტორიაზე ჰიბრიდული ომის გაძლიერება ნიშნავს, რომ მოსკოვთან შეთანხმება შეუძლებელია".

 

კიდევ ერთი პარადოქსული მომენტი (ერთი შეხედვით): რუსეთს აკრიტიკებენ ფრანგული „ეროვნული გაერთიანების" ლიდერები მარინ ლე პენი და ჯორდან ბარდელა [სხვათა შორის, ეს ის მარინ ლე პენია, რომელმაც 2014 წელს რუსული ბანკიდან არჩევნებისათვის დიდძალი ფული მიიღო]. აი, რა განაცხადეს მათ: „არანაირი პროვოკაცია და საიდუმლო ოპერაცია, ვერავითარი მადესტაბილიზებელი მოვლენა ვერ მოახდენს საფრანგეთზე გავლენას, რომ მხარი დაუჭიროს რუსეთს უკრაინაში კრემლის სამხედრო მიზნების მისაღწევად... ის, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა რუსეთში არსებული ფრანგული აქტივების დროებითი მართვა, არის მტრული აქტი საფრანგეთის ინტერესებისა და ევროპის სახელმწიფოების წინააღმდეგ. ჩვენ კრემლის ამ გადაწყვეტილებას მტკიცედ ვგმობთ". 

 

ფრანგი და გერმანელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების ასეთმა განცხადებებმა ბევრი გააკვირვა, მაგრამ მოდით მოვლენებს ფხიზელი თვალით შევხედოთ და რამდენიმე მომენტი განვიხილოთ (შევაფასოთ):

 

პირველი - როგორი თვალსაზრისიც არ უნდა ჰქონდეს ჩვენს [პოლონურ] „ბრძენ" მასმედიას, არც გერმანული „ალტერნატივა" და არც ფრანგული „ეროვნული გაერთიანება" პრორუსულ პარტიებს არ წარმოადგენენ. ასევე არ არიან ისინი პაციფისტური პოლიტიკური ორგანიზაციებიც. ისინი ტიპიურ მემარჯვენე პარტიებს წარმოადგენენ - დღეს მათ „ნაციონალისტურებს" უწოდებენ, ათიოდე წლის წინათ კი მათ ცენტრისტებად ჩათვლიდნენ. ამ პარტიებმა ნეოლიბერალიზმი აღიარეს. უფრო მეტიც - ისინი ომის მომხრე პოლიტიკური გაერთიანებები არიან. გერმანული „ალტერნატივაც", ფრანგული „ეროვნული გაერთიანებაც" თითქმის ერთნაირებია.

 

მეორე - ევროპაში ომის აჩრდილი სულ უფრო მკვეთრი ხდება. ორივე პარტია, რუსეთთან ომის შემთხვევაში, რადიკალური გახდება და დიდი ხნის განმავლობაში ექნება ანტირუსული პოზიცია. მარინ ლე პენიც და ჯორდან ბარდელაც, ალისა ვაიდელიც და ტინო ხრუპალაც მიხვდნენ, რომ რუსეთის მიმართ სამშვიდობო პროცესის დაწყების შანსები მიზერულია. შესაბამისად, მათ ნელი, მაგრამ შესამჩნევი უკუსვლა დაიწყეს თავიანთი წინანდელი ევროპული პოლიტიკის კრიტიკისაგან, უკრაინის გამო.

 

მესამე მომენტი, რომელიც პირველს და მეორეს ეწინააღმდეგება, მაგრამ ყველაზე რეალურია: ვინმე წააქცევს რუსეთს და ზურგით დადებს? ფრანგები ასეთი მცდელობის წარუმატებლობაში 1812-1814 წლებში დარწმუნდნენ, გერმანელები კი 1941-1945 წლებში. მარტალია, დღეს რუსეთი ძალიან სუსტია, რომ სწრაფად დაამარცხოს უკრაინა, რომელსაც ფაქტიურად მთელი ევროპა და ნატო ეხმარება... მაგრამ იმავდროულად რუსეთი მაინც იმდენად ძლიერია, რომ მისთვის ამ ომის წაგება შეუძლებელია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ დღევანდელი რუსეთი, წინა საუკუნეებისაგან განსხვავებით, ბირთვულ სახელმწიფოს წარმოადგენს. გავიხსენოთ ერთ-ერთი რუსული პროპაგანდისტული ფილმი „მსოფლიო წესრიგი-2018" რომელშიც თვითონ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ლაპარაკობს: „დასავლეთთან ომს რუსეთისათვის საპასუხო-შემხვედრი ხასიათი ექნება. თუ ისინი რუსეთის განადგურებას გადაწყვეტენ, ჩვენ კანონიერი უფლება გვაქვს პასუხი გავცეთ. დიახ, კაცობრიობისათვის ეს იქნება გლობალური კატასტროფა, მაგრამ მე, როგორც რუსეთის მოქალაქე და რუსული სახელმწიფოს მეთაური, მინდა კითხვა დავსვა: განა ჩვენ გვჭირდება ისეთი მსოფლიო, სადაც რუსეთი არ იქნება?".

 

და თუ უფრო რეალურად ვიტყვით, საერთოდ არავინ არ იქნება.

 

„პოსტ სკრიპტუმ": ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა პოლიტიკური დისკუსიების დროს წამოაყენა წინადადება, რომ მოსახლეობისათვის ფართოდ უნდა აჩვენონ რეჟისორ ნიკოლას მაიერის მიერ 1983 წელს გადაღებული სატელევიზიო ფილმი „მომდევნო დღეს", რომელშიც ბირთვული ომის შედეგად კაცობრიობის დაღუპვის ყველაზე რეალისტური სურათია დახატული. ფილმში პლანეტის აპოკალიპსი ნაჩვენებია რიგითი ადამიანის თვალით. ამ კინოლენტის ავტორებმა შეძლეს დამარწმუნებლად  წარმოესახათ მაყურებლისათვის იმ ადამიანების ტრაგიკული და სწრაფი ბიოლოგიური დეგრადაცია, რომლებიც ატომურ აფეთქებებს გადაურჩებიან.

 

წყარო: 

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ