ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
GE EN RU
"ტრამპის მიერ პუტინის G20-ის ფორუმზე მიწვევა რუსეთის დიდ გამარჯვებას ნიშნავს"-The iPaper 28.09.2026 19:56

ბრიტანულ ყოველდღიურ გაზეთ The iPaper-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "ტრამპის მიერ პუტინის G20-ის ფორუმზე მიწვევა რუსეთის დიდ გამარჯვებას ნიშნავს" (ავტორი - საიმონ მაქსი), რომელშიც განხილული და კომენტირებულია მსოფლიოს ოცი განვითარებული ქვეყნის (G20 -„დიდი ოცეულის“) ლიდერთა სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო ყოფნა: რა შედეგებს გამოიწვევს ფორუმში ვლადიმერ პუტინის მონაწილეობა? რას იტყვიან ევროპელი ლიდერები?



გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, ვლადიმერ პუტინს შეუძლია ფლორიდაში მსოფლიოს ლიდერების სამიტში (G20) მონაწილეობა მიიღოს, მათთან ურთიერთობა ჰქონდეს და ყველას გაესაუბროს: „ჩვენ პრეზიდენტი პუტინი G20-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად მივიწვიეთ. ვთვლით, რომ მას ექნება შესაძლებლობა შეხვდეს არამარტო პრეზიდენტებს, არამედ მსოფლიოს ქვეყნების სხვა ლიდერებსაც“.


რა თქმა უნდა, ევროპელმა ლიდერებმა კარგად იციან დონალდ ტრამპის თბილი დამოკიდებულება ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მისმა მიწვევამ ბევრი გააოგნა და განაცვიფრა. მით უმეტეს, რომ მარკო რუბიოს განცხადება, რომელიც მან თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, გაეროს გენასამბლეის სხდომისა და უკრაინასთან ომის ფონზე, რუსეთის მიმართ არანაირ კრიტიკას არ შეიცავდა, უკრაინასთან ომის . გავრცელებულ ვიდეოში რუბიოს გვერდით მდგარი ლავროვი „ჩეშირის კატასავით“ იღიმება (ანუ „ყურებამდე, ბედნიერი სახით“ - ლუის კეროლის ზღაპრის მიხედვით), რაც იმაზე მიანიშნებს, თუ როგორი მნიშვნელოვანი წარმატებაა რუსეთისა და მისი პრეზიდენტისათვის სამიტში მიწვევა, თანაც აშშ-საგან.


დონალდ ტრამპს, შესაძლოა, ისევ აქვს იმედი ქულები დაიწეროს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემთხვევაში, როცა ირანთან საქმე ნამდვილად წინ ვერ მიდის, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის ასეთი ნაბიჯი, ალბათ, დასავლეთის და განსაკუთრებით ევროპის ლიბერალი ლიდერების მძაფრ უკმაყოფილებას გამოიწვევს: ისინი ხომ მხარს უჭერენ ვოლოდიმირ ზელენსკის და ყველაფერს აძლევენ უკრაინას რუსეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, თანაც ცდილობენ, რომ ვაშინგტონს კიევისადმი ძველებურად პირდაპირი დახმარების სურვილი გაუღვიძონ... შესაბამისად, ისინი აშშ-ის პრეზიდენტის სურვილს, საკუთარი თავი მშვიდობისმყოფლად წარმოაჩინოს, დიდი ალბათობით, უარყოფითად შეაფასებენ - ჩინელი ლიდერის აჟიოტაჟური და სანახაობრივი მიღების ფონზე.


საყოველთაოდ ცნობილია, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომის გამო 2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების მიზნით სპეციალური ორდერია გაცემული. მართალია, არც აშშ და არც რუსეთი არ აღიარებენ აღნიშნული სასამართლოს რომის სტატუტს, მაგრამ უკრაინისა და ევროპის ქვეყნების ლიდერთა აზრით, სამიტში პუტინის მონაწილეობა მიზანშეუწონელია.


სხვათა შორის, დონალდ ტრამპი ადრეც მოუწოდებდა ევროპელ კოლეგებს დათანხმებულიყვნენ რუსეთის დაბრუნებას „დიდ შვიდეულში“ (G7) და პუტინის გარიცხვას 2014 წელს იმდროინდელი „დიდი რვიანიდან“ (G8) შეცდომა უწოდა. ახლა კი აშშ-ის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, უფრო შორს მიდის.


იმეორებს რა კრემლის თეზისებს, თეთრი სახლი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი იმსახურებს შანსს დადიოდეს საერთაშორისო ფორუმების დერეფნებში და თითოეული ქვეყნის წარმომადგენელთან ისაუბროს.


მიიღებს თუ არა რუსეთის ლიდერი მიწვევას ან ჩათვლის თუ არა იგი საჭიროდ შეხვდეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს და სხვა ლიდერებს, ჯერჯერობით უცნობია. კრემლმა მხოლოდ ის თქვა, რომ მიწვევას განიხილავს. რა გადაწყვეტილება მიიღებს საბოლოოდ მოსკოვი, გავიგებთ, მაგრამ თვითონ ფაქტი კვლავ დღის წესრიგში აყენებს ძველ საკითხს: რატომ არის ტრამპი ესოდენ მოხიბლული პუტინით?


ენდი პერნემისა და მისი სხვა ბევრი კოლეგისათვის G20-ის წლევანდელი ფორუმის ჩატარება აშშ-ის მასპინძლობით უკვე რისკის მანიშნებელი იყო.


ტრამპის გუნდს უყვარს ხოლმე იმის თქმა, რომ დეკემბრის სამიტი მაიამიში ჩატარდებაო, მაგრამ სინამდვილეში ლიდერები ქალაქ დორალში შეიკრიბებიან, სადაც დონალდ ტრამპის კუთვნილი კერძო გოლფ-კლები Trump National მდებარეობს. სწორედ იმ შენობაში განთავსდებიან G20-ის მონაწილე მსოფლიოს ქვეყნების მეთაურები.


ამ დონის ფორუმის ჩატარება პრეზიდენტის კუთვნილ კერძო კომერციულ სტრუქტურაში მნიშვნელოვან ეთიკურ საკითხებს აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს თავი იმართლოს - პირველებმა ეს იდეა თვითონ „დიდი ოცეულის“ წევრებმა შემომთავაზესო, კერძო შენობაში სამიტის გამართვა და სტუმრების ხანგრძლივად მიღება მაინც რაღაც საეჭვოდ გამოიყურება. დიახ, პრეზიდენტმა თქვა, რომ არავისგან ერთ ცენტსაც არ ავიღებო, მაგრამ მაინც...


როგორც ჩანს, G20-ის ლიდერები თავის დროზე მართლაც დათანხმდნენ, მაგრამ ფორუმში ვლადიმერ პუტინის მონაწილეობა ფსონებს ახალ სიმაღლეებამდე ზრდის. დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის დამატებითი თავის ტკივილი გაუჩინა: აშშ-ის პრეზიდენტს ისედაც არ აქვს თავის კიეველ კოლეგასთან თბილი ურთიერთობა და ახლა ხომ უარესი იქნება... სხვათა შორის, ცდილობს რა რუსი ლიდერის კოზირის დამცრობას, უკრაინის მეტაურმა განაცხადა, რომ თვითონაც შეუძლია დორალში გამგზავრება: „მეც წავალ და პუტინს პირადად შევხვდები... ჩვენ ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ“, - თქვა მან გერმანულ „დოიჩცე ველესტან“ ინტერვიუში.


ამ ეტაპზე უცნობია, დაუძახებს თუ არა დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის მზიურ შტატში (ფლორიდაზე) - უკრაინა „დიდ ოცეულში“ არ შედის და დათანხმდება თუ არა ვლადიმერ პუტინი დორალში მიწვევას, თუ კიევის რეჟიმის ხელმძღვანელიც იქ იქნება.
დონალდ ტრამპმა, რომელმაც გაეროს გენასაბლეაში გამოსვლისას განაცხადა, რომ „რვა ომი მოვაგვარეო“, თითქოს წამოსცდა - „მშვიდობა მოსკოვსა და კიევს შორის უფრო მალე დადგება, ვიდრე ზოგიერთებს ჰგონიათო“.


უკრაინის ევროპელ მოკავშირეებს ეშინიათ, რომ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის დააძალებს რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს, სამშვიდობო გარიგების ჩარჩოებში, რათა შემდეგ თავისი მშვიდობისმყოფლური მისიის გამარჯვება გამოაცხადოს და აქტივში ქულა ჩაიწეროს.


ენდი ბერნემი და „დიდი ოცეულის“ სხვა ლიდერები, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთის ჩიხიდან (აშშ-ირანის ომიდან) გამოსვლა სურთ, სიტუაციის ასეთი შემოტრიალება - რუსეთის სასარგებლოდ - დიდად არ გაეხარდებათ, განსაკუთრებით თუ ეს მსოფლიო სამიტზე მოხდება და თანაც დონალდ ტრამპის საკუთარ გოლფ-კლუბში.


მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტს, რომელიც მუდამ პროვოკაციებისაკენ მიდრეკილება ახასიათებს, დორალის მთავარ მაგიდასთან ვლადიმერ პუტინის ყოფნა სურს. ახლა ბურთი რუსი ლიდერის მხარეზეა.

წყარო:

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ