პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"უკრაინის თავისუფლება უნდა დავიცვათ: არჩევანი უნდა გავაკეთოთ უკრაინულ არალიბერალურ დემოკრატიასა და რუსულ ტირანიას შორის"- Financial Times 13.11.2026 16:09

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ ტაიმსის" (Financial Times) 12 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის თავისუფლება უნდა დავიცვათ: არჩევანი უნდა გავაკეთოთ უკრაინულ არალიბერალურ დემოკრატიასა და რუსულ ტირანიას შორის" (ავტორი - მარტინ ვოლფი, ანალიტიკოსი), რომელშიც განხილულია უკრაინის მნიშვნელობა ევროპისათვის და პირიქით, ნაჩვენებია რუსული ავტოკრატული ტირანიის საფრთხე.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

დემოკრატია იძულებულს ხდის მმართველებს ანგარიში ჩააბარონ მოსახლეობას, ანუ მათ, ვისაც ისინი მართავენ. მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ეს ისტორიული საოცრება მიიღწევა, არჩევნებია. სამწუხაროდ, არჩევნები საკმაოდ არასრულყოფილ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რადგან იდეალური საარჩევნო სისტემა არ არსებობს. უფრო მეტიც, ამომრჩევლები, საუკეთესო შემთხვევაში, „რაციონალურად უცოდინარნი" არიან, ხოლო ყველაზე ცუდ შემთხვევაში - სახიფათო ემოციების გავლენის ქვეშ ექცევიან. და მაინც, ამის მიუხედავად, არასრულყოფილ საარჩევნო სისტემებსაც კი შეუძლიათ მიაღწიონ ისტორიულად იშვიათ შედეგს: ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას - ანუ არამემკვიდრეობითი, არაძალადობრივი გზით. ამის მაგალითები ვიხილეთ უნგრეთში გასული წლის აპრილში ვიქტორ ორბანის დამარცხებით, სერბეთში - ოქტომბერში ალექსანდრე ვუჩიჩის დამარცხებით და სულ ახლახან - აშშ-ში, კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების (ფაქტიურად, დონალდ ტრამპის პარტიის) დამარცხებით.

 

სამივე შედეგში საინტერესოა ის, რომ ხელისუფლების ცვლილება მოხდა მმართველთა  სხვადასხვა მცდელობის მიუხედავად - გაყალბებულიყო საარჩევნო სისტემა და ამომრჩევლების   მანიპულირება მმართველი პარტიის სასარგებლოდ მომხდარიყო. თუ ხალხი საკმარისად გაბრაზებულია და პოლიტიკური ოპოზიციის გამარჯვების ზღვარი საკმარისად დიდია, უაღრესად მანიპულაციური ლიდერებიც კი შეიძლება განზე გადგნენ. ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს ყოველთვის არ მუშაობს. თუ სისტემა საკმარისად გაყალბებულია მმართველი ტირანის სასარგებლოდ, არჩევნები შეიძლება უაზრო გახდეს პრაქტიკულად ყველა ვითარებაში. ამის შესანიშნავი მაგალითია ვლადიმერ პუტინის რუსეთი. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ძალიან ხშირად ხალხის ხმას მაინც აქვს მნიშვნელობა.

 

განსხვავებას სრულ ავტოკრატიას - სადაც მმართველის დამხობა, სავარაუდოდ, მხოლოდ მისი უუნარობის, ელიტის მიერ მოწყობილი გადატრიალების ან ძალადობის შედეგად ხდება - და თუნდაც არალიბერალურ დემოკრატიას შორის, დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც, თავის მხრივ, თავად სახელმწიფოს ბუნებას ცვლის. აბსოლუტურ ავტოკრატიაში, ადრე თუ გვიან, ძალაუფლების აბსოლუტურ კორუმპირებას ვხედავთ - ისეთს, რომელიც თანაბრად ეხება როგორც ცოდნას, ისე მოტივაციას. აბსოლუტურ ავტოკრატიაში ტირანისთვის თავის მოწონება მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცევა, რაც ყველაფერს ანადგურებს. სწორედ ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, მიუხედავად ყველა ნაკლოვანებისა, დემოკრატიულ საზოგადოებებში ცხოვრება არა მხოლოდ უფრო სასიამოვნოა, არამედ ისინი ნებისმიერ ტირანიაზე ბევრად უფრო ეფექტიანიცაა. დემოკრატია დესპოტების სიგიჟეებისგან იმით გვიცავს, რომ მათ ანგარიშვალდებულებას აკისრებს. ცხადია, სწორედ ამიტომ აყალბებენ ხოლმე ტირანები არჩევნებს, რომ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ.

 

თუ თანამედროვე მსოფლიოს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ უკრაინა სწორედ იმ ადგილს წარმოადგენს, სადაც დესპოტიზმსა და დემოკრატიას შორის კონფლიქტი ყველაზე მწვავედ მიმდინარეობს. რუსეთის ტირანი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ისტორიული წარსულის გამო უკრაინა რუსეთს ეკუთვნის. თუმცა, ის ფაქტი, რომ ხალხი და ტერიტორია წარსულში იმპერიის ნაწილი იყო, არ ნიშნავს, რომ მათზე ბატონობა სამართლიანი და კანონიერია. ვლადიმერ პუტინი ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინა ნამდვილი სახელმწიფო არ არის. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინელებმა პუტინის ეს მოსაზრებაც მტკიცედ უარყვეს. უკიდურესად ეფექტური ბრძოლით მათ დაამტკიცეს, რომ უკრაინა ნამდვილად რეალური სახელმწიფოა, რომელსაც თავდაცვა შეუძლია. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1994 წლის დეკემბერში, ბუდაპეშტში, უკრაინამ უარი თქვა თავის ბირთვულ არსენალზე, სანაცვლოდ კი აშშ-ისგან, დიდი ბრიტანეთისგან, საფრანგეთისგან, ჩინეთისა და რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღო. გამოდის, რომ ვლადიმერ პუტინი თავისი მოქმედებით საკუთარი ქვეყნის მიერ უკრაინისთვის მიცემულ პირობასაც უარყოფს.

 

უკრაინელები ბრძოლას ნებისმიერ სიტუაციაში გააგრძელებენ მანამ, სანამ რუსეთი მათ ქვეყანას დანაწევრებით ემუქრება. როგორც ექსპერტი ლორენს ფრიდმანი ახლახან  გამოქვეყნებულ სტატიაში „უკრაინა: ტრამპით თუ მის გარეშე" აღნიშნავს, „დონალდ ტრამპი კვლავ მიანიშნებს, რომ [ცეცხლის შეწყვეტის] მთავარი დაბრკოლება ვოლოდიმირ ზელენსკის უკომპრომისობაა, ანუ გამოდის, რომ თითქოს უკრაინის ლიდერს ომის გაგრძელება აწყობს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა: ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ზელენსკის პოზიცია ბევრად უფრო ახლოსაა ტრამპის წინადადებებთან, ვიდრე პუტინის პოზიცია". სამწუხაროდ, როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, დონალდ ტრამპის ქმედებებს - რომლებსაც შეიძლება ღალატიც ვუწოდოთ - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: უკრაინისთვის კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის რესურსები, განსაკუთრებით სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება. გარდა ამისა, ვაშინგტონი უკრაინასა და რუსეთს შორის მთავარი შუამავალიცაა.

 

უკრაინელები კვლავაც სიმტკიცეს იჩენენ. როგორც ლორენს ფრიდმანი წერს, „კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ ჩატარებული უახლესი გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა დაახლოებით 64% სამშვიდობო მოლაპარაკებების შეფერხებაში რუსეთს ადანაშაულებს და უარყოფს მოსაზრებას, თითქოს უკრაინის მთავრობა კომპრომისზე წასვლისთვის უფრო მზად უნდა იყოს. უკრაინელთა დაახლოებით 62% - მათ შორის კიევის მცხოვრებლებიც -  მზად არიან ომს იმდენ ხანს გაუძლონ, რამდენიც საჭირო იქნება - თუმცა, ცხადია, მათ დასავლეთის დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ".

 

ამრიგად, ​​რა უნდა გაკეთდეს? რეიჩელ რივზმა (დიდი ბრიტანეთის ხაზინის ყოფილმა კანცლერმა), ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა (გერმანიის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა), ნატალი ლუაზომ (საფრანგეთის ევროპის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა) და კრისტია ფრილენდმა (კანადის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა) გაზეთ The Times-ში ცოტა ხნის წინ განაცხადეს: „უკრაინას წინ უმძიმესი ზამთარი ელოდება. რუსეთი თითქმის დაუცველ მოსახლეობას ჰაერიდან უტევს. გარდა ამისა, მომავალ წელს ქვეყანას 70 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დეფიციტი ემუქრება. ახალი დაფინანსების გარეშე კიევს თავდაცვა ძალიან გაუჭირდება, რაც, თავის მხრივ, ევროპის უსაფრთხოებას დაემუქრება - უკრაინა ხომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის პირველ ხაზს წარმოადგენს". მათი თქმით, გამოსავალი  იმაშია, რომ „ევროკავშირმა განკარგოს რუსეთის სუვერენული აქტივები 210 მილიარდი ევროს ოდენობის, რომლებიც 2022 წელს გაყინა და კრემლის ფული უკრაინის თავდაცვის განსამტკიცებლად დახარჯოს". რუსული აქტივები საკმაოდ დიდია და მათი მეშვეობით სრულიად შესაძლებელია უკრაინის დაფინანსება 2029 წლამდე იქნას უზრუნველყოფილი.

 

ეს მორალური და პრაქტიკული თვალსაზრისით გონივრულად გადადგმული ნაბიჯი იქნება. შესაძლებელია თუ არა დონალდ ტრამპის დარწმუნება, რომ უკრაინას ისე დაეხმაროს, როგორი დახმარებაც მხოლოდ ამერიკას შეუძლია, რათა ამ გაჭირვებულმა ქვეყანამ თავი დააღწიოს პუტინის მიერ გამიზნულ „კართაგენულ ზავს"? შეძლებენ თუ არა დემოკრატები, გამოიყენონ თავიანთი ახალი ბერკეტები - განსაკუთრებით ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით - ამ შედეგის მისაღწევად? არ ვიცი. თუმცა, ევროპელებმა უნდა გააცნობიერონ, თუ რა დევს სასწორზე. აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკავშირის ბიუჯეტის გარშემო გამართულ დებატებში აჩვენა, რომ მას ეს საჭიროება კარგად ესმის. სხვებმაც მას უნდა მიბაძონ. ევროპამ უნდა გამოიჩინოს სათანადო სიმტკიცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაშლის საფრთხე ემუქრება. თუ ევროპა სიმტკიცის დემონსტრირებას ვერ შეძლებს, შესაძლოა, მსოფლიოს დიდმა სახელმწიფოებმა ნაწილებად დაშალონ. ეს რომ არ მოხდეს, ევროპელებმა აქტიურად უნდა იმოქმედონ, რათა უკრაინა ვლადიმერ პუტინის ტირანიისგან იხსნან.

 

 

წყარო: 

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ