26.07.2026 00:32
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში ფესტივალი „ალოობა 2026" გაიმართა.
ფესტივალი ქართული ხორბლის ენდემური სახეობების, ადგილობრივი ჯიშებისა და პურის მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ტრადიციებისა და რიტუალების პოპულარიზაციას მიეძღვნა. „მარცვლიდან პურამდე" კონცეფციის ფარგლებში მოეწყო თემატური საგამოფენო და ეთნოგრაფიული სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული კულინარიის მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაცია და ბავშვებისთვის განკუთვნილი შემეცნებითი აქტივობები.
„ჩვენი მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნოთ საქართველოს, როგორც ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი ცენტრის მნიშვნელობა, ხაზი გავუსვათ ქართული ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების დაცვის აუცილებლობას და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ის უნიკალური აგრობიომრავალფეროვნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმდიდრეა", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
ფესტივალის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლისა და ქერის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების ნიმუშები, სამეცნიერო გამოცემები, საინფორმაციო მასალები და ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრის საქმიანობას მცენარეთა გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვის, კონსერვაციისა და კვლევის მიმართულებით.
ფესტივალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მეცნიერები, ფერმერები და ქართული ხორბლის კულტურით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ავტორ(ებ)ი :