13.10.2026 21:36
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტის 25%-ით გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ოქტომბერში ყაზახეთი მილსადენით 168 ათასი ტონა ნავთობის გადატანას გეგმავს. სექტემბერში ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა 130 ათას ტონას შეადგენდა.
როგორც ყაზახური მედია იუწყება, ნავთობის ძირითადი ნაწილი, 150 ათასი ტონა თენგიზის საბადოდან წამოვა, ხოლო დანარჩენი 18 ათასი ტონა - ყაშაგანის საბადოდან.
ყაზახეთის ეროვნული ოპერატორის „ყაზტრანსოილის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე პორტ აქტაუდან მილსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით 1 მილიონ 164 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც 24%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2026 წელს ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით საერთო ჯამში 1,7 მილიონი ტონა ნავთობის გატარებას გეგმავს. გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1 მილიონ 263 ათას ტონას შეადგენდა.