31.03.2023 11:05
რუსეთ-უკრაინის ომის 401-ე დღე - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან
რუსებმა უკრაინაზე წუხელ იერიში „შაჰედის“ ტიპის 10 დრონით მიიტანეს, აქედან 9 - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„საჰაერო დარტყმისთვის მტერმა „შაჰედ-136“ ტიპის 10 დრონი გამოიყენა. მათგან 9 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა S-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით დაბომბეს.
რუსულმა ძალებმა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და კერძო სახლები S-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსებმა ხარკოვს ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან დაარტყეს.
„რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კვლავ დაბომბეს ჩვენი ქალაქი. დაბომბვა განხორციელდა ნოვობავარსკის რაიონში", - განაცხადა ხარკოვის საოლქო პროკურატურის სპიკერმა დიმიტრი ჩუბენკომ.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და კერძო სახლებს სულ მცირე ექვსი S-300 ტიპის რაკეტა მოხვდა.
ამ დროისთვის დაღუპულების, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ვაგნერმა“ და რუსეთის არმიამ დაკარგა მნიშვნელოვანი რაოდენობის ცოცხალი ძალა ბახმუტის მიდამოში, რაც კიდევ უფრო შეაკავებს რუსეთის წინსვლას ბახმუტში, - ამის შესახებ RBC-Ukraine ISW-ის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.
ექსპერტების ცნობით, „ვაგნერის“ ასეულმა განალაგა თავისი ძალების დიდი უმრავლესობა ბახმუტზე შეტევის მხარდასაჭერად და შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა ქალაქისთვის ბრძოლებში.
ეუთოში გაერთიანებული სამეფოს მისიის უფროსმა სამხედრო მრჩეველმა იან სტაბსმა განაცხადა, რომ ბახმუტის რაიონში ბრძოლების შემდეგ 30 000 რუსი ჯარისკაცი და „ვაგნერელი“ დაიღუპა ან დაიჭრა. მათ სასწრაფოდ სჭირდებათ პერსონალის შევსება.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს დანაკარგები ცოცხალი ძალის გააგრძელებს რუსეთის შეტევითი ოპერაციების შეკავებას როგორც ბახმუტის რაიონში, ასევე, სხვა მიმართულებით. „ვაგნერის“ მნიშვნელოვანი დანაკარგები, სავარაუდოდ, საფრთხეს უქმნის მათ უნარს შეინარჩუნონ გავლენა უკრაინაში მებრძოლ რუსულ ძალებში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge