04.07.2026 17:33
პოლონეთის ოპოზიციური პარტიის „სამართალი და სამართლიანობის" ლიდერმა, დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ თანაპარტიელებს წერილი მისწერა და მოუწოდა უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში დაბლოკონ, სანამ კიევი „ბანდერისა და სხვა ბოროტმოქმედების კულტთან" დაკავშირებით არსებულ პოლიტიკას არ გადახედავს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
წერილში კაჩინსკი აგრეთვე აღნიშნავს, რომ, თუ მისი პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებას არ მისცემს, სანამ ის თავის კურსს არ შეცვლის.
„უკრაინის მიღება ევროკავშირში შეუძლებელია, თუ ის სრულად არ იტყვის უარს კურსზე, რომელიც დღეს აქვს არჩეული. პოლონეთი საკუთარი, ევროპული და მეტიც, მთელი ქრისტიანული ცივილიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დაუშვებს იმას, რომ აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს ბანდერიზმი - კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური და არაადამიანური იდეოლოგია, რომელიც დღეს უკრაინელი ერის ცნობიერებას აყალიბებს", - აღნიშნულია კაჩინსკის წერილში.
მან აგრეთვე თანაპარტიელებს მოუწოდა, გამოიყენონ ყველა შესაძლო მეთოდი, რათა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობის ყველა ძალისხმევა დაბლოკონ, რომელიც ევროკავშირში უკრაინის პრივილეგირებული პირობებით გაწევრიანებისკენ იქნება მიმართული.
„სამართლისა და სამართლიანობის" პარტიის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ „არცერთი სუვერენული ქვეყანა მცირედიდაც არ შეურიგდება საკუთარი ერის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდურ მოქმედებებს".
ავტორ(ებ)ი :