08.07.2026 20:42
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის შესახებ ანგარიშის შესწორებას, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის აკრიტიკებს ელიტური სამხედრო დანაყოფისთვის იმ უკრაინული ჯგუფის სახელის დარქმევის გამო, რომელმაც, პოლონეთის მტკიცებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ათობით ათასი ეთნიკური პოლონელი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევსა და ვარშავას შორის დიპლომატიური დაძაბულობა 26 მაისს გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ სამხედრო დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეთა არმიის" (UPA) გმირების სახელი უწოდა.
პოლონეთში ამ დაჯგუფების მემკვიდრეობა დღემდე სადავოა, რაც დაკავშირებულია მისი ზოგიერთი წევრის მონაწილეობასთან ნაცისტების მიერ ოკუპირებულ დასავლეთ უკრაინაში პოლონელების მასობრივ მკვლელობებში.
ევროპარლამენტის შესწორებაში, რომელიც პოლონელმა ცენტრისტმა კანონმდებელმა ანჟეი ჰალიცკიმ - პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის წევრი - შეიტანა, აღნიშნულია: „ევროპარლამენტი წუხილს გამოთქვამს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბოლო დროს განხორციელებული გაუმართლებელი და პროვოკაციული ნაბიჯის გამო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ელიტური სამხედრო დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეთა არმიის" სახელის დარქმევას გულისხმობს".
შესწორებაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „წუხილს გამოთქვამს პოლონური მხარის მგრძნობელობისა და იმ მწუხარების უგულებელყოფის გამო, რომელიც UPA-ს მიერ მოკლული ათობით ათასი მსხვერპლის ოჯახებს უკავშირდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ რამდენად მტკიცედ უჭერს მხარს პოლონეთი უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში".
საბოლოოდ, შესწორებაში, რომელსაც მხარი აბსოლუტური უმრავლესობით - 592 ხმით 42-ის წინააღმდეგ - დაუჭირეს, ნათქვამია, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება „არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს".
ავტორ(ებ)ი :