ლვოვში მობილიზაციის დროს დაპირისპირება მოხდა, მოქალაქეებმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ცენტრის მანქანა დააზიანეს 10.07.2026 00:26

ლვოვში მობილიზაციის დროს დაპირისპირება მოხდა, მოქალაქეებმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ცენტრის მანქანა დააზიანეს, დაკავებულია ერთი პირი.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სამხედროებმა ლვოვში ერთ-ერთი მამაკაცი სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მამაკაცი ძებნაში იმყოფებოდა და ის სიხოვის ცენტრში სამხედრო-სამედიცინო შემოწმების გასავლელად წაიყვანეს, ამის შემდეგ კი დაპირისპირება დაიწყო.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მოქალაქეების ჯგუფმა სამხედროების ავტომობილი დააზიანა. კადრებში ისმის შეძახილები -„სირცხვილია!". ერთ-ერთ ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურისთვის ფორმის გახდას.

ლვოვის რაიონის სამხედრო აღრიცხვის ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, დაპირისპირების დროს ცენტრის ორმა თანამშრომელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ინციდენტის შედეგად ერთი პირი დააკავეს. ლვოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელსაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან სიტუაციის განმუხტვის მცდელობისას მამაკაცმა სამართალდამცველების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ინციდენტში დაახლოებით 200 ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი.

„თუ დღეს საკუთარი არმიის სამხედრო მოსამსახურეს ტანსაცმელს ახევ და სცემ, დაფიქრდი, ვინ დაგიცავს ხვალ მტრის არმიისგან, რომელიც იგივეს გააკეთებს, მაგრამ უკვე შენ მიმართ", - წერს ბუდანოვი.

ლვოვის მერმა, ანდრი სადოვიმ განაცხადა, რომ ადამიანების ჯგუფის „სამარცხვინო ქცევამ" ქალაქის იმიჯს ზიანი მიაყენა. მისი თქმით, დღეს ფრონტზე 58 000 ლვოველი იმყოფება.

ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, ყველა პირი, ვინც სამართალდარღვევაში მონაწილეობდა, პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ამასთან, მისი თქმით, მობილიზაცია უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში და მოქალაქეების ღირსების პატივისცემით.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ