მარკო რუბიო პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების მინისტერიალზე: პოლიტიკურ ტერორიზმს მიმართავენ ისინი, ვინც ვერაფერს აშენებს, ვინც ვერ ქმნის და ვინც უუნაროა, მიაღწიოს დიდ მიზნებს 16.07.2026 20:31

 

ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უმასპინძლა შეერთებული შტატების მინისტერიალს პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების თემაზე.

თავის გამოსვლაში რუბიომ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ტერორიზმს მიმართავენ „ისინი, ვინც ვერაფერს აშენებს, ვინც ვერ ქმნის და ვინც უუნაროა, მიაღწიოს დიდ მიზნებს".

„ეს არის გამოკვეთილი და განსაკუთრებული ბოროტება. იგი ყოველთვის, უპირველეს ყოვლისა, ცივილიზაციისადმი სიძულვილით იკვებებოდა. ეს არის უღირსთა აჯანყება ღირსეულთა წინააღმდეგ, სუსტებისა და მშიშრების ბრძოლა ძლიერთა და კეთილშობილთა წინააღმდეგ. მას ისინი სჩადიან, ვისაც ვერაფრის შექმნა და შენება შეუძლია, ვინც უუნაროა, დიდ მიზნებს მიაღწიოს - ისინი საკუთარი არშემდგარობის გამო შურს იძიებენ და ცდილობენ, გაანადგურონ ყველანი, ვინც ამის უნარს ფლობს. აი, რა არის რადიკალური მემარცხენე ექსტრემიზმი", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

„ძალადობითა და ტერორით ისინი კვლავ ცდილობენ, თავს მოგვახვიონ თავიანთი სისაძაგლე. ძველი დოგმა მცდარი იყო: ეს ყველაფერი არავითარ „იდეალიზმს" არ ეფუძნება. ეს არ არის „უტოპია" - პირიქით. ხშირად გაიგონებთ კრიტიკულ შენიშვნას კომუნიზმის მისამართით: „თეორიულად კარგად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში არასდროს მუშაობსო". თუმცა ეს სიმართლე არ არის. ის არც თეორიულად ჟღერს კარგად. სამყარო, რომელსაც ის გვთავაზობს, არის ვიწრო, ერთფეროვანი და უფერული, მოკლებული ყოველგვარ გამორჩეულობასა და ყველაფერ იმას, რაც ადამიანის სულში კეთილი და კეთილშობილურია. ეს არის სამყარო სიმამაცის, შემოქმედებისა და ამბიციების გარეშე; გმირების, დიდებისა და იმ დიდ მიზნების გარეშე, რომელთაკენაც ადამიანი უნდა ისწრაფოდეს. სამყარო სასწაულების გარეშე, მითების გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ბრბოსგან გამორჩეულნი, წარმოუდგენელ და დიდებულ საქმეებს აღასრულებენ. სამყარო ღმერთის გარეშე", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, „რევოლუციური ძალადობის ამ არქიტექტორებისთვის ჩვენი ცივილიზაციის დიდებული მონაპოვარი აუტანელი დამცირებაა. სწორედ ამიტომ ირჩევენ ისინი ნგრევას. ისინი უტევენ მილსადენებს, რკინიგზებს, ლაბორატორიებსა და ენერგოსისტემებს - ძალაუფლების, პროგრესისა და ადამიანური მიღწევების ფიზიკურ, ხელშესახებ სიმბოლოებს".

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ