16.07.2026 22:30
აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ცვლის.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალი დადგენილებით, ფიქსირებული ვადები დაწესდება F ტიპის ვიზებისთვის, რომლებითაც უცხოელი სტუდენტები სარგებლობენ, J ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც კულტურული გაცვლის პროგრამების მონაწილეებს აშშ-ში მუშაობის შესაძლებლობას აძლევს და I ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე გაიცემა.
ახალი რეგულაცია ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღის შემდეგ შევა ძალაში და კონგრესში განხილვას დაექვემდებარება. როგორც „როიტერი" წერს, ახალი რეგულაციები დაბრკოლებებს შეუქმნის საერთაშორისო სტუდენტებს, გაცვლითი პროგრამის მონაწილეებსა და უცხოელ ჟურნალისტებს.
ახალი დადგენილების თანახმად, სტუდენტური და გაცვლითი პროგრამების ვიზების მოქმედების ვადა ოთხ წელს არ გადააჭარბებს. მედიის წარმომადგენლებისთვის კი ვიზის მოქმედების ვადა, რომელიც ამჟამად, წლებია, მოქმედებს, 240-დღემდე შემცირდება, ხოლო ჩინეთის მოქალაქეებისთვის - 90 დღემდე.
ვიზის მფლობელებს მისი მოქმედების ვადის გასახანგრძლივებლად განაცხადის შეტანა შეეძლებათ. ახალი წესების თანახმად, აშშ-ში დარჩენის მსურველებმა, რომელთაც ვიზის მოქმედების ვადა ეწურებათ, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს უნდა მიმართონ ან ქვეყანა დატოვონ და აშშ-ში ხელახლა შევიდნენ.
ავტორ(ებ)ი :