კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა 01.08.2026 10:36

რუსეთის მიერ კიევზე გამთენიისას განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება.

 

უწყების ინფორმაციით, დაღუპულთაგან შვიდი ადამიანი - კიევის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დარნიცის რაიონში, ხოლო ორი ქალაქის დასავლეთ ნაწილში, სოლომიანის რაიონში ემსხვერპლა თავდასხმას.

 

დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვია.

 

სოლომიანის რაიონში ნაწილობრივ ჩამოინგრა და ცეცხლი გაუჩნდა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ასევე დაიწვა ავტოსადგომზე გაჩერებული ავტომობილები.

 

დარნიცის რაიონში დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა ადმინისტრაციულ და არასაცხოვრებელ შენობებში.

 

შევჩენკოს რაიონში, ქალაქის ცენტრში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობასა და კინოსტუდიის ტერიტორიაზე, ასევე დაიწვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები.

 

დნიპროს რაიონში დაზიანდა მაღაზია, პეჩერის რაიონში კი - ოთხი კერძო საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობები.

 

უკრაინულ ტელეგრამარხებზე გავრცელებული ცნობებით, რუსეთმა კიევის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, მათ შორის ბალისტიკური და ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტები.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ