21.08.2026 22:27
პოზიცია, რომელიც ვარშავას დემონსტრაციულად აქვს „ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქებებთან დაკავშირებით, შესაძლოა, მომავალში თავად პოლონეთის სასიცოცხლო ინტერესებსა და უსაფრთხოებას დაუბრუნდეს ბუმერანგივით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებამ ცხადყო პოლონეთსა და გერმანიას შორის არსებული წინააღმდეგობები და კონკურენცია.
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, ტუსკის სიტყვებში „საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის დარჩენილი ნაწილებისთვის საშიში, დესტრუქციული მუხტია ჩადებული", რომელიც, მისივე განმარტებით, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის განადგურებული „კოლექტიური დასავლეთის" გეოპოლიტიკური ნიჰილიზმის მიერ.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ გერმანიამ არ უნდა გაასამართლოს უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენების აფეთქებაში არიან ეჭვმიტანილი.
„ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე ვლადიმირ ზ. ხორვატიაში გერმანიის მიერ გაცემული ევროპული ორდერის საფუძველზე დააკავეს. ამავე საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს, უკრაინის მოქალაქე სერჰი კ.-ს, რომელსაც ბრალად ედება ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და ორი რუსული გაზსადენის ოთხი მილიდან სამის აფეთქებაში მონაწილეობა, გერმანიაში ბრალი უკვე წაუყენეს. ის 2025 წლის აგვისტოში იტალიაში დააკავეს, ნოემბერში კი გერმანიას გადასცეს.
ავტორ(ებ)ი :