24.08.2026 19:25
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ კიევში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალური მხარდაჭერის გაწევას იმდენად და იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება - ომის განმავლობაში, მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში და აღდგენის პროცესშიც, რადგან ჩვენი ხედვა ომის ფარგლებს სცდება. უკრაინის მომავალი ევროკავშირში არის უსაფრთხოებისა და უკრაინისა და მთლიანად ევროპის გრძელვადიანი დემოკრატიული სტაბილურობის საუკეთესო გარანტია", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ რუსეთმა თავისი მიზნების მიღწევა ვერ შეძლო.
„ადამიანური დანაკარგები კატასტროფული იყო, ხოლო ეკონომიკური შედეგები - დამანგრეველი", - აღნიშნა ანტონიუ კოშტამ.
როგორც მან აღნიშნა, ზეწოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ რუსეთი მკვლელობებს არ შეწყვეტს და მშვიდობისადმი ერთგულებას არ გამოავლენს.
„ევროკავშირი ვერ იქნება ნეიტრალური მაშინ, როდესაც საერთაშორისო სამართალი ირღვევა. ჩვენ ნეიტრალურები არ ვართ. ჩვენ უკრაინის მხარდამჭერები ვართ", - აღნიშნა კოშტამ.
ავტორ(ებ)ი :