26.08.2026 09:54
სომხეთი ევროკავშირთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროკომისიაში დადებითად აფასებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სომხეთი მალე დაიწყებს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს.
ევროკომისიის პრესსპიკერის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯია.
„ჟენევაში გამართული ჩვენი პირველი სომხეთი-ევროკავშირის სამიტი წარმატებული იყო, ამას ემატება ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობა მდგრადობისა და ზრდის გეგმაზე, ევროპის მშვიდობის ფონდსა და პარტნიორულ მისიებზე. სომხეთმა გადაწყვიტა ევროკავშირის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაედგა და თავის მხრივ მიიღო ე.წ. ევროკავშირის კანონპროექტი. ეს მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯია. რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანება მკაფიოდ განსაზღვრულ და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს მოიცავს. ის მოითხოვს ოფიციალურ განაცხადს იმ ქვეყნისგან, რომელსაც გაწევრიანება სურს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ერევანთან ერთად სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებაზე, მაგალითად, სატრანსპორტო კავშირების, ვაჭრობისა და სხვა მრავალი მიმართულების განვითარებით. ეს ასევე კიდევ ერთი გამოხატულებაა, თუ რამდენად მიმზიდველია ევროკავშირი მოქალაქეებისთვის. ამიტომ ჩვენ ამას ინტერესით ვაკვირდებით. თქვენ ასევე იცით, რომ პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს სომხეთის მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირისადმი გამოხატულ ამ აშკარა მხარდაჭერას", - აღნიშნა ლამერტმა.
ავტორ(ებ)ი :