შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
GE EN RU
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას დაუჭირა მხარი 05.09.2026 17:01

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას დაუჭირა მხარი, რის შედეგად რუკაზე ქვეყნებისა და კონტინენტების ზომები უფრო რეალურად იქნება ასახული. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი" ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, ერთ-ერთი ძირითადი ცვლილება აფრიკის კონტინენტს შეეხება, რომელიც ამჟამად არსებულ რუკებზე გაცილებით უფრო პატარაა, ვიდრე ის რეალურად არის სხვა კონტინენტებთან შედარებით.

 

ტოგოს მიერ ინიცირებულ და აფრიკის კავშირის (AU) წევრების მიერ მხარდაჭერილ „რუკის გასწორების" რეზოლუციას მხარი გაერო-ს 164 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა. აშშ ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც მას მხარი არ დაუჭირა, ექვსმა ქვეყანამ (ესტონეთი, საქართველო, ლიეტუვა, მოლდოვა, სერბეთი და უკრაინა) თავი შეიკავა.

 

„ბიბისის" ცნობით, მერკატორის რუკა, რომელიც მე-16 საუკუნიდან გამოიყენება, ხშირად არის კრიტიკის საგანი, რადგან ის აფრიკის კონტინენტს და კუნძულ გრენლანდიას დაახლოებით მსგავსი ზომით აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად აფრიკა გრენლანდიაზე 14-ჯერ დიდია. ამასთან, მერკატორის რუკის მიხედვით, ეკვატორიდან დაშორებული ქვეყნები უფრო დიდები ჩანან, ვიდრე ეკვატორთან ახლოს მდებარეები.

 

პროექციასთან დაკავშირებით გაერო-ში აშშ-ს წარმომადგენელმა, იარინა ფერენსევიჩმა განაცხადა, რომ რეზოლუცია გაერო-ს გენერალური ასამბლეის მუშაობასა და მიზანს დასცინის.

 

„საერთაშორისო მშვიდობის, კეთილდღეობის ან კარგი ურთიერთობების რეალურ პრობლემებზე ფოკუსირების ნაცვლად, ეს ორგანო განიხილავს მე-16 საუკუნის რუკების პროექტებს და მათ როლს რეპარაციებისა და „კოგნიტური სამართლიანობის" ხელშეწყობაში", - განაცხადა ფერენსევიჩმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ