18.09.2026 11:55
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ სომხეთში რუსული კომპანიებისა და აქტივების მიმართ დამოკიდებულებას „რეიდერული ხელში ჩაგდება" უწოდა. მისი განცხადებით, საუბარია საწარმოებსა და მთელ სექტორებზე, რომლებშიც რუსეთს მილიარდობით დოლარი აქვს ინვესტირებული.
შოიგუმ განაცხადა, რომ მოსკოვი სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციას არ დააფინანსებს და ერევნის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს შედეგები მოჰყვება. მისი შეფასებით, სომხეთი რუსეთთან კავშირების შემცირებასა და დასავლეთთან თანამშრომლობის გაფართოებას ცდილობს.
საქართველოზე საუბრისას შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ხელი შეუწყოს ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების შემდგომ განვითარებას. მისი თქმით, 2026 წლის იანვარ-ივლისში რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $1.8 მილიარდი შეადგინა - 20.7%-ით მეტი, ვიდრე წინა წლის შესაბამის პერიოდში.
აზერბაიჯანთან დაკავშირებით შოიგუმ განაცხადა, რომ მოსკოვმა და ბაქომ ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო კრიზისი გადალახეს და ახლა მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად თანამშრომლობის სტაბილური განვითარებაა საჭირო.
შოიგუს განცხადებით, აშშ-სა და ევროპას სტრატეგიული ინტერესი აქვთ, შეასუსტონ რუსეთისა და ირანის პოზიციები და სამხრეთ კავკასიაში საკუთარი წესები დაამყარონ. მისი თქმით, მოსკოვი რეგიონის თითოეულ ქვეყანასთან ურთიერთობისა და „გარე ძალების" მოქმედებების შესახებ კონკრეტულ წინადადებებს ამზადებს.
ავტორ(ებ)ი :