20.09.2026 11:56
გერმანიაში, ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში პარლამენტების არჩევნები დაიწყო.
გამოცემა „როიტერი" არჩევნებამდე ჩატარებულ ბოლო კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში ხმების 22%-ს „მემარცხენეთა პარტია" (Die Linke) აიღებს, კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს" კი (CDU) ხმების 20%-ს უწინასწარმეტყველებენ. გამოცემა „როიტერის" ცნობით, მესამე ადგილს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) - 18% დაიკავებს. მას მოჰყვება „მწვანეები" (Greens) 15%-ით და სოციალ-დემოკრატები (SPD) 12%-ით. კვლევის შედეგებით, სხვა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ ლახავენ.
გამოცემა „როიტერი" მეკლენბურგ-წინა პომერანიის კვლევის შედეგებსაც აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, პირველ ადგილზე სოციალ-დემოკრატები (SPD) 37%-ით გავლენ. მათ ერთი პროცენტით ჩამორჩება ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD). მესამე ადგილს ხმების 9%-ით „მემარცხენეთა პარტია" (Die Linke) უწინასწარმეტყველებენ. ამასთან, 5%-იან ბარიერს მცირედით ლახავენ „მწვანეები" (Green) და კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" (CDU).
„როიტერი" წერს, რომ მერცი გასულ წელს გერმანიის სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკის ზრდის მიზნით ამბიციური რეფორმების განხორციელების დაპირებით აირჩიეს, თუმცა ამომრჩევლების უკმაყოფილება პენსიებთან, გადასახადებსა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულმა არაპოპულარულმა რეფორმებმა გამოიწვია.
ცნობისთვის, წინა, საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნები 6 სექტემბერს გაიმართა. მასში ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის" - 43.8%-ით გაიმარჯვა, მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" კი 17,2% მიიღო.
ავტორ(ებ)ი :