21.09.2026 17:13
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თეთრ სახლში აკრედიტაციის ჩამორთმევის შემდეგ, სამი ეროვნული საინფორმაციო საშუალება - „სიენენი", MS NOW და „პოლიტიკო", პირველი შესწორებით დაცული უფლებების დასაცავად და თეთრ სახლში წვდომის აღსადგენად, სარჩელს შეიტანს.
ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს.
მედიის ცნობით, საგანგებო მოთხოვნა ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში უნდა განიხილონ და შესაძლოა, სასამართლო მოსმენა და ადმინისტრაციის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტების წარდგენა ამ კვირაშივე დაიწყოს.
„დღეს დილით მთავრობას შევატყობინეთ, რომ ვიწყებთ სასამართლო დავას ჩვენი პირველი შესწორებით დაცული უფლებების და იმ პრინციპების დასაცავად, რომ მთავრობა არ წყვეტს, რას გააშუქებს ან გამოაქვეყნებს პრესა. გაფრთხილებისა და შესაბამისი პროცედურის გარეშე, თეთრმა სახლმა ჩვენს ჟურნალისტებს აკრედიტაციები გაუუქმა იმის გამო, რომ ჩვენი გაშუქება არ მოსწონდათ. ეს რეაგირების გარეშე თუ დარჩება, საფრთხეს შეუქმნის პრესის თავისუფლებას და საზოგადოების უფლებას, ჰქონდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, რომელიც თავისუფალია ხელისუფლების ჩარევისგან", - აღნიშნულია სამი საინფორმაციო საშუალების ერთობლივ განცხადებაში.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სიენენის", MS NOW-ისა და „პოლიტიკოს" წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვებას კრძალავს. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება „მათი მუდმივი ყალბი რეპორტაჟებით" ახსნა და აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებს არ უნდა შეეძლოთ სიცრუის გავრცელება, როცა საუბარია აშშ-ის პრეზიდენტზე, ტრამპის ადმინისტრაციასა, თუ ზოგადად ქვეყანაზე. ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნულ სიას სხვა „ყალბი ამბების" გამავრცელებელი მედიასაშუალებებიც დაემატებიან.
„სიენენის", MS NOW-ისა და „პოლიტიკოს" ჟურნალისტებს თეთრ სახლში მდებარე სამუშაო სივრცეებზე წვდომა აღარ აქვთ. CNN-სა და MS NOW-ს ასევე ეკრძალებათ თავიანთი ტელეაღჭურვილობის გამოყენება და კამერების ტერიტორიაზე განთავსება.
ავტორ(ებ)ი :