ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
GE EN RU
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა 27.09.2026 22:57

 

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, რითაც დაასრულა თავისი მეორე და ბოლო ხუთწლიანი ვადის შესრულება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters- ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამით მან გზა გაუხსნა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს.

ბელგრადის ცენტრში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ, ვუჩიჩს ასობით მხარდამჭერი ოვაციებით შეხვდა.

„ეს ჩემთვის ამ შენობაში გატარებული ბოლო საღამოა", - განუცხადა მან ხალხს თანამდებობიდან გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე და აღნიშნა:

„ერთგულად ვემსახურე თქვენ და ჩემს სამშობლოს, სერბეთს... ვამაყობ იმით, რაც ერთად გავაკეთეთ".

ვუჩიჩის გადადგომა, რომელიც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შვიდი თვით ადრე ხდება, ემთხვევა სერბეთში 25 ოქტომბერს დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას. ეს ნაბიჯი მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი იმ შემთხვევაში, თუ მისი პარტია - „სერბეთის პროგრესული პარტია" (SNS) - ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს.

მომავალ თვეში დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ვუჩიჩის პარტია SNS-ისა და მისი მოკავშირეების მეტოქეები იქნებიან: „სტუდენტები იმარჯვებენ" (Students Win)- სტუდენტთა ხელმძღვანელობით მოქმედი ანტიკორუფციული მოძრაობა და „ევროპული სერბეთი" (European Serbia), რომელიც პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ალიანსს წარმოადგენს.

რაც შეეხება პრეზიდენტის თანამდევობას, სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მოქმედი სპიკერი პრეზიდენტის მოვალეობას დროებით შეასრულებს ახალი პრეზიდენტის არჩევამდე. საპრეზიდენტო არჩევნები 90 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს, საარჩევნო კამპანია კი 30-დან 60 დღემდე გაგრძელდება.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ