01.10.2026 01:08
ავიაკომპანია „ფლაიდუბაი" დუბაი-თელ ავივის რეისებს დროებით აჩერებს, ვიდრე მომხდარი ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ ავიაკომპანიაში განაცხადეს.
„ჩვენი მგზავრების, ეკიპაჟისა და ოპერაციების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. რეისების დროებითი შეჩერება შესაბამის უწყებებს საშუალებას მისცემს, განაგრძონ მუშაობა და ინციდენტთან დაკავშირებული ყველა ფაქტი დაადგინონ", - განაცხადა „ფლაიდუბაის" წარმომადგენელმა.
ავიაკომპანიამ ბოდიში მოუხადა მგზავრებს, რომელთაც დაგეგმილი რეისები გადაედოთ.
„ფლაიდუბაი" დუბაისა და თელ ავივს შორის ყოველდღიურ ორმხრივ რეისებს ასრულებს.
ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, დუბაიდან-თელ ავივისკენ მიმავალ რეისზე მეორე პილოტმა კაპიტანი დანით დაჭრა და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა. პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში, ტაბუის აეროპორტში დაეშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილავენ ვერსიას, რომ „ფლაიდუბაის" რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.