02.10.2026 21:21
სიმართლე გითხრათ, დედაქალაქი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იმის მტკიცება, რომ აქ ამჟამად ცხოვრება შესაძლებელია, როგორც მშვიდობიან პერიოდში, სამწუხაროდ, არ გამოვა, - ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„მტერი ანადგურებს კიევს - ინფრასტრუქტურას, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, ლოგისტიკას, საცხოვრებელ და სოციალურ ობიექტებს. აგრესორმა ასევე კვლავ დაიწყო ენერგეტიკული სექტორის განადგურება", - აღნიშნა კიევის მერმა.
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა კიევზე თავდასხმები გააძლიერა, მიზანში ამოიღო ხიდები, ენერგეტიკული ობიექტები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, 1 ოქტომბერს რუსული დრონებით განხორციელებულმა დარტყმებმა დნეპრზე გამავალი მნიშვნელოვანი ხიდი დააზიანა, ხოლო 2 ოქტომბერს მომხდარი კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.