შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
პანამაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – გამოცხადდა ცუნამის საფრთხე 10.10.2026 01:51

პანამაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიამ ნგრევა გამოიწვია, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ევაკუაცია გამოცხადდა.

 

გავრცელებული კადრების მიხედვით, პენონომეში (ცენტრალური პანამა) ტაძარი ჩამოინგრა, სასტუმროს ფასადი კი მანქანას დაეცა. პირველადი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ კიდესთან, დასახლება პიტალოცა არრიბადან დაახლოებით 14 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრა პარასკევს დილით მოხდა და ძლიერი ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობა, რამაც მოსახლეობის ქუჩებში გამოსვლა გამოიწვია.

 

პანამის სამოქალაქო დაცვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლის, ომარ სმითის თქმით, მთავარი ნგრევა ცენტრალურ პროვინციებში - ვერაგუასში, ჰერერასა და ლოს-სანტოსში დაფიქსირდა. დედაქალაქში, სადაც მრავალი ცათამბჯენია, ზარალი არ არის. ძირითად ბიძგებს რამდენიმე ძლიერი აფტერშოკი მოჰყვა, რომელთაგან ორის მაგნიტუდმა 5.8 და 5.5 შეადგინა.

 

მედიის ცნობით, მიწისძვრის ბიძგები მეზობელ კოლუმბიაშიც იგრძნობოდა. აშშ-ის ეროვნულმა ამინდის სამსახურმა პანამის, კოლუმბიის, ეკვადორის, ნიკარაგუისა და გვატემალას სანაპირო ზონებისთვის ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა.

 

პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: „მომხდარი არ უნდა იქნას გამოყენებული პანიკისა და არეულობის ასატეხად".

 

შეგახსენებთ, რომ პანამა წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან რკალში" მდებარეობს - ეს არის 40 000 კილომეტრიანი ვულკანებისა და ხეობების ზონა, სადაც მსოფლიოში მიწისძვრების უდიდესი ნაწილი ხდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ