11.10.2026 15:02
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯები ორმხრივი იქნება.
მისი თქმით, უკრაინა შეწყვეტს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს, თუ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სწორედ მოსკოვი ამბობს უარს ენერგეტიკულ ზავზე.
„ევროპაში ომის რეალური მიზეზი რუსეთია და მხოლოდ რუსეთი. უკვე დღესვე შესაძლებელია ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების რეალურად შეწყვეტა, მაგრამ პუტინს ამის გაკეთება არ სურს. უკრაინა მზად იქნება, შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ რუსეთი შეწყვეტს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. დეესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოს და რეალური გარანტიებით უნდა იყოს გამყარებული", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, პარტნიორებთან კოორდინაციას გააგრძელებს და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
„ფაქტობრივად ყოველდღიურად სხვადასხვა დონეზე ვახორციელებთ კოორდინაციას და ვმუშაობთ თავდაცვის დამატებით პაკეტებზე, უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის საჭირო საბრძოლო მასალის მიმართულებით. ყველაფერი კეთდება ჩვენი ხალხის სიცოცხლისა და უკრაინის ინტერესების დასაცავად", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს სურს, დიზელის საწვავთან დაკავშირებით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას და ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ომის დასრულების სურვილის არქონასა და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმის შეწყვეტის შესახებ მოწოდებების იგნორირებაში დაადანაშაულა.