24.10.2026 18:00
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, რომლისგანაც შვილი სახელად ჟასმინი ჰყავს, სამართლებრივ დავას აწარმოებს.
ამის შესახებ UA.NEWS გამოცემა „გლავკომზე" დაყრდნობით წერს.
ელიზავეტა იასკო მიხეილ სააკაშვილისგან მათი საერთო ქალიშვილისთვის ალიმენტის დაკისრებას და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მამობრივი უფლებების ჩამორთმევას ითხოვს.
როგორც უკრაინული მედია წერს, სასამართლო დავა 2026 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. იურისტების შეფასებით, ალიმენტის დაკისრების საკითხის გადაწყვეტა, მამობრივი უფლებების ჩამორთმევასთან შედარებით, შესაძლოა, უფრო მარტივი აღმოჩნდეს.
ელიზავეტა იასკომ ქალიშვილის დაბადების შესახებ 2023 წლის 1-ელ ივნისს განაცხადა.
2021-2022 წლების ქონებრივ დეკლარაციებში იასკო სააკაშვილს იმ პირად ასახელებდა, რომელთანაც ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა. 2023 წლიდან სააკაშვილი მის დეკლარაციებში აღარ ფიგურირებდა, თუმცა ქალიშვილის შესახებ ინფორმაცია შენარჩუნდა.
2024 წლის სექტემბერში გამოცემა „გლავკომისთვის" მიცემულ ინტერვიუში ელიზავეტა იასკომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და მის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში აღარ ჩადის და მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დაბრუნებამ ბევრ ადამიანს ტკივილი მიაყენა.
„ის საკუთარ რეალობაში ცხოვრობს, რომელიც ძალიან რთულია. მიხეილმა არსებითად სიცოცხლე შესწირა საქართველოს და იქ ახლა დაბრუნებით მან უამრავ ადამიანს დიდი ტკივილი მიაყენა. და ეს ყველაფერი რისთვის? საქართველოს მომავლისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ამ ნაბიჯმა შედეგი არ გამოიღო", - განაცხადა იასკომ.
ადვოკატის განმარტებით, მამობრივი უფლებების შესაძლო ჩამორთმევაც კი მშობელს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. შესაბამისად, დავის ამ ნაწილში ერთ-ერთი მთავარი საკითხი გადასახდელი თანხის ოდენობა იქნება.
„საკითხი იმაში კი არ არის, დააკისრებს თუ არა სასამართლო ალიმენტს, არამედ იმაში, თუ რა ოდენობით. მოსარჩელე მოპასუხის შემოსავლის ერთ მესამედს ითხოვს. სასამართლომ შესაძლოა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს ან თანხა შეამციროს, თუ მოპასუხე დაამტკიცებს, რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, ჰყავს სხვა შვილები ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს", - განმარტა ბუზანოვმა.
მისივე თქმით, ზოგადი წესის თანახმად, ალიმენტი სარჩელის შეტანის მომენტიდან ინიშნება. ამ შემთხვევაში სარჩელი 2026 წლის აპრილში იქნა შეტანილი.