Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/banner_carusel.php on line 27
Geotimes - სიახლეები
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
„ევრონიუსი“ – ევროკავშირში ახალი წევრი ქვეყნებისთვის უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობა დაიწყო 28.10.2026 18:04

ევროკავშირში ახალი წევრი ქვეყნებისთვის უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობა დაიწყო. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაერთიანების მომავალი წევრებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.

ევროკომისიის წინადადება 15-წლიან გამოსაცდელ პერიოდსა და ხმის უფლების შესაძლო შეჩერებას ითვალისწინებს. შეზღუდვების დაწესების ინიციატივა ევროკომისიას ეკუთვნის და ევროკავშირის შემდგომი გაფართოებისთვის მომზადების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია.

„ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ საკუთარი პოზიცია ჩამოაყალიბოს და წინასწარი მითითებები გასცეს დამცავი მექანიზმების შესახებ. მათ შორის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ზომები იყოს პროპორციული, მათი ამოქმედების საფუძვლები მკაფიოდ განისაზღვროს, ხოლო მოქმედების ვადები წინასწარ იყოს დადგენილი“, – ნათქვამია შეხვედრის წინ გავრცელებულ სამუშაო დოკუმენტში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ევროკომისიის მიერ მომზადებული სამართლებრივი ტექსტის შეფასება სთხოვეს. ეს დოკუმენტი „ევრონიუსმა“ მოიპოვა. განხილვისას წევრ ქვეყნებს შორის უკვე განსხვავებული პოზიციები გამოიკვეთა. ტელეკომპანიის ცნობით, იტალიამ და ავსტრიამ გააფრთხილეს პარტნიორები, რომ ზედმეტად მკაცრმა შეზღუდვებმა შესაძლოა, ევროკავშირის გაფართოების პროცესი შეაფერხოს. ამავე დროს, ნიდერლანდები და საფრანგეთი კანონის უზენაესობის დაცვის უფრო მტკიცე გარანტიებს მოითხოვენ.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, ევროკომისიის წინადადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ინსტიტუციური დაცვის მექანიზმია, რომელიც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, ზომები მიიღოს ახალი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, თუ ისინი სერიოზულად დაარღვევენ გაერთიანების ფუნდამენტურ ღირებულებებს ან კეთილსინდისიერი თანამშრომლობის პრინციპს. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ეს შესაძლოა, ხმის უფლების შეჩერებასაც ითვალისწინებდეს.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა იყო. წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ, რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ასეთი პერიოდი, რომ ის დროებით ზომად ჩაითვალოს. ევროკომისიის წინადადება 15-წლიან ვადას ითვალისწინებს, თუმცა ამ საკითხზე ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

დოკუმენტის პროექტის მიხედვით, დაცვის მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში ახალ წევრ ქვეყანას საკუთარი პოზიციის წარსადგენად, სულ მცირე, ორი კვირა მიეცემა. თუმცა ეს შესაძლებლობა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, რომ თავად მექანიზმი შესაძლოა, ქვეყნის ოფიციალურ გაწევრიანებამდეც ამოქმედდეს.

„ევრონიუსის“ ცნობით, წინადადებით გათვალისწინებულმა გადაწყვეტილების მიღების წესმა წინააღმდეგობა გამოიწვია, რადგან ზოგიერთი წევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ის ევროკომისიას მეტისმეტად ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს. შეთავაზებული წესის თანახმად, ევროკომისიის წინადადება ორი კვირის განმავლობაში ავტომატურად დამტკიცდება, თუ წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობა მას არ უარყოფს ან არ შეცვლის.

„ევრონიუსი“ წერს, რომ ელჩებმა ასევე მოითხოვეს განმარტება, კონკრეტულად რა ზომების ამოქმედება იქნება შესაძლებელი ამ მექანიზმის საფუძველზე და როგორ იმოქმედებს ის ევროკავშირის ხელშეკრულების მეშვიდე მუხლთან ერთად. აღნიშნული მუხლი ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების სერიოზულ დარღვევებზე რეაგირებას ითვალისწინებს.

ევროკომისიამ ასევე წარადგინა მონიტორინგის ზოგადი მექანიზმის შექმნის წინადადება, რომელიც იმოქმედებს გაწევრიანების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ქვეყნის ევროკავშირში ოფიციალურ შესვლამდე. დოკუმენტში განსაზღვრულია მონიტორინგის განხორციელების ძირითადი წესები. ეს გულისხმობს რეგულარული ანგარიშების მომზადებას, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მონაწილეობით შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში,ადრეული გაფრთხილების წერილების გაგზავნას.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, რა სიხშირით მომზადდება ანგარიშები და კონკრეტულად რომელ საკითხებზე გამახვილდება ყურადღება. უკიდურეს შემთხვევაში, ევროკომისია გაწევრიანების გადავადების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, თუ არსებობს მკაფიო მტკიცებულებები, რომ ქვეყანა დადგენილ ვადაში წევრობის მოთხოვნების შესრულებას ვერ შეძლებს. „ევრონიუსის“ მიხედვით, მსგავსი დებულება რუმინეთისა და ბულგარეთის ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულებებშიც არსებობდა. მაშინ გადაწყვეტილების მისაღებად, როგორც წესი, წევრი ქვეყნების ერთსულოვანი თანხმობა იყო საჭირო. ამჯერად გაწევრიანების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი ჯერ განსაზღვრული არ არის. თუმცა დოკუმენტში წინასწარი ვარიანტის სახით მითითებულია, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა, ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, წევრი ქვეყნების კვალიფიციურმა უმრავლესობამ მიიღოს.

მედიის ცნობით, ასევე ღიად რჩება საკითხი, რამდენ ხანს შეიძლება, გადაიდოს გაწევრიანება, რომ გადავადების პერიოდი პროპორციულად ჩაითვალოს. ევროკომისიამ რამდენიმე დამატებითი მექანიზმიც წარადგინა. მათ შორისაა ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კანდიდატი სახელმწიფოების გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებებს ორმხრივი დავების გამო ვეტო არ უნდა დაადონ. 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ