კვირა, 1 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ევროკომისია პოლონეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, საკონსტიტუციო ტრიბუნალის სათანადო ფუნქციონირება უზრუნველყოს 01.11.2026 12:45

 

ევროკომისია პოლონეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყნის კონსტიტუციისა და ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად საკონსტიტუციო ტრიბუნალის სათანადო ფუნქციონირება უზრუნველყოს. ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, მაიკლ მაკგრატმა RMF24-ს განუცხადა.

მისივე თქმით, ტრიბუნალში ახალი მოსამართლეების დანიშვნა პოლონეთის სეიმის კონსტიტუციურ კომპეტენციაში შედის და პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალს უნდა შეეძლოს ფუნქციონირება ეროვნული კანონმდებლობისა და ევროკავშირის სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად.

მაკგრატმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი პირობების უზრუნველყოფა პოლონეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ის მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის.

„პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალს უნდა შეეძლოს ფუნქციონირება პოლონეთის კონსტიტუციისა და ევროკავშირის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. ეს მნიშვნელოვანია პოლონეთის ყველა მოქალაქისთვის და ამის უზრუნველყოფა პოლონეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა", - განუცხადა მაიკლ მაკგრატმა RMF FM-ს.

ცნობისთვის, პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის" მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 30 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისული პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის" წარმომადგენლები შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო. ამასთან, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების გამო კაროლ ნავროცკი პარლამენტის წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს იწვევს.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ