02.11.2026 13:36
ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი ევროკომისიას პოლონეთის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბრიუსელი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას მხარს უჭერს.
მარიანის განცხადებით, ევროკომისია პოლონეთის კონსტიტუციის საკუთარ ინტერპრეტაციას სთავაზობთ და ამით ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ერევა.
„დაგვიანებით, თუმცა მოულოდნელი არ არის - ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას მხარდაჭერას უცხადებს და პოლონეთის კონსტიტუციის საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. როგორც რუმინეთის შემთხვევაში, ევროკომისიის ეს მორიგი ჩარევა აჩვენებს, რომ მას მოქალაქეთა არჩევანის პატივისცემა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც არჩევნების შედეგი ბრიუსელის პოლიტბიუროს მორჩილი მარიონეტების ხელისუფლებაში მოსვლას უზრუნველყოფს", - წერს მარიანი.
ამასთან, ევროპარლამენტარი ჰერმან ტერში აცხადებს, რომ ევროკავშირი სულ უფრო ღიად ერევა წევრი სახელმწიფოების შიდა პოლიტიკურ პროცესებში და ამ ჩარევას აღარ მალავს.
„ევროკავშირი ახლა ნიღაბს იხსნის და წევრი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში სულ უფრო აშკარა და აღმაშფოთებელ ჩარევას აღარ მალავს. ის არა მხოლოდ არ გმობს პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მიერ საკონსტიტუციო ტრიბუნალზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას, არამედ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიუსელისა და ბერლინის მარიონეტის, ტუსკის მხარეს იკავებს და პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის წინააღმდეგ გამოდის, რომელიც კანონიერებასა და პოლონეთის სუვერენიტეტს იცავს. ეს ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რადგან ესპანეთში, უკვე რვა წელია, პედრო სანჩესისა და მისი მთავრობის დანაშაულების დაფარვას ცდილობენ. საფრანგეთში მათი ჩარევა გროტესკულ ხასიათს ატარებდა - საკმარისია გავიხსენოთ მარინ ლე პენის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია, რომელიც საბოლოოდ ჩავარდა. თუმცა ისინი კვლავ ეცდებიან ჩარევას: ესპანეთში - პარტია VOX-ის, საფრანგეთში - „ეროვნული გაერთიანების" და მარინ ლე პენის, ხოლო გერმანიაში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) წინააღმდეგ. ევროკავშირში დემოკრატია, დიდი ხანია, მკვდარია. ახლა კი მისი გარეგნული ფორმებიც ქრება", - წერს ჰერმან ტერში.