02.11.2026 21:56
ბელგიაში, ათეულობით სუპერმარკეტის მაცივრებსა და საყინულე სისტემებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაღაზიებს დაახლოებით 100 000 ევროს ღირებულების საკვები პროდუქტის გადაყრა მოუწიათ. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაზარალდა დაახლოებით 40 Delhaize-ის სუპერმარკეტი, ასევე - Carrefour-ის სულ მცირე 15 მაღაზია, Spar-ის ხუთი სავაჭრო ობიექტი და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია De Laet en Van Haver-ი.
Euronews-ი ბელგიურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მაცივრებში ტემპერატურამ 70°C-საც კი აღწევდა.
Delhaize-ის წარმომადგენელმა Euronews-ს განუცხადა, რომ კომპანიამ "გამოავლინა IT სისტემებთან დაკავშირებული ინციდენტი, რომელმაც რამდენიმე ათეულ მაღაზიაში სამაცივრე სისტემების მუშაობაზე იმოქმედა".
პრობლემები დაფიქსირდა შვედური ქსელის ICA-ს რამდენიმე მაღაზიაშიც.
როგორც გამოცემა წერს, მსგავსი ტიპის კიბერშეტევა 12 ოქტომბერს საფრანგეთშიც მოხდა, რა დროსაც ასობით სუპერმარკეტის სამაცივრე სისტემების მუშაობაში ხარვეზი დაფიქსირდა.
ახლა მთავარი კითხვაა, რატომ არის მაცივრები ინტერნეტთან დაკავშირებული?
სუპერმარკეტების დიდი სამაცივრე სისტემები ცენტრალიზებული მართვის ბლოკების საშუალებით მუშაობს. ეს ბლოკები მაღაზიაში არსებული თითოეული მაცივრისა და საყინულის ტემპერატურას, გალღობის ციკლებსა და განგაშის სიგნალებს აკონტროლებს.
კიბერუსაფრთხოების კომპანია Forescout-ის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამ მართვის ბლოკების ინტერნეტთან დაკავშირების შესაძლებლობა უკვე დიდი ხანია შესაძლებელია.
ეს სამაცივრე სისტემების მომსახურე კომპანიებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად შეამოწმონ გაუმართაობა და შეცვალონ პარამეტრები, ნაცვლად იმისა, რომ თითოეულ მაღაზიაში ტექნიკოსის გაგზავნა გახდეს საჭირო.
ევროპაში სამაცივრე სისტემების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი კომპანია Danfoss-ის განცხადებით, სამაცივრე სისტემების მართვის მოწყობილობების ინტერნეტთან დაკავშირება, როგორც წესი, ინჟინრების ადგილზე გამოძახების აუცილებლობას 15-30%-ით ამცირებს, რადგან გაუმართაობის გამოსწორება დისტანციურადაც არის შესაძლებელი.
როგორც Euronews-ი წერს, კიბერშეტევების ფონზე, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ 99 ქვეყანაში, ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომია სამაცივრე სისტემების მართვის თითქმის 13 000 მოწყობილობა. ეს სისტემები გამოიყენება სხვადასხვა ობიექტში - სუპერმარკეტებში, საავადმყოფოებსა და ფერმებში, მათი დიდი ნაწილი კი მოძველებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს.