04.11.2026 18:32
ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ პატერსონში მცხოვრები ანტონიო მიტჩელი, რომელიც იამაიკის მოქალაქეა და აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლება ჰქონდა, 28 ოქტომბერს დააკავეს - აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) ინფორმაციით, მას ბრალად ედება 2000 წლიდან 2022 წლამდე სხვადასხვა არჩევნებში უკანონო ხმის მიცემა, მოგვიანებით კი აშშ-ის მოქალაქეობის მიღების პროცესში ამ ფაქტის დამალვა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
სისხლის სამართლის საჩივრის თანახმად, რომელიც ნიუ-ჯერსის ფედერალურ სასამართლოში შევიდა, მიტჩელი 2012 წელს ნიუ-ჯერსიში ამომრჩევლად დარეგისტრირდა და ფიცის დადებისას ცრუ ინფორმაცია მიუთითა, თითქოს ის აშშ-ის მოქალაქე იყო.
სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, მიტჩელმა 2022 წლის 8 ნოემბერსაც პირადად მიიღო მონაწილეობა წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში და ხმა მისცა.
სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, აშშ-ის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შევსებისას, 2025 წლის 31 იანვარს, მიტჩელმა დოკუმენტში ცრუ ინფორმაცია მიუთითა. კერძოდ, კითხვაზე, დარეგისტრირებულა თუ არა ოდესმე ამომრჩევლად ან მიუცია თუ არა ხმა აშშ-ში რომელიმე ფედერალურ, საშტატო თუ ადგილობრივ არჩევნებში, მან პასუხად მონიშნა "არა".
დოკუმენტების თანახმად, 2025 წლის 24 სექტემბერს, განაცხადის პროცესის ფარგლებში იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის თანამშრომელთან გასაუბრების დროს, მიტჩელმა ეს ტყუილი კიდევ ერთხელ გაიმეორა.
მიტჩელმა, გირაოს სახით 25 000 დოლარი გადაიხადა. მას ბრალი წაუყენეს შემდეგ დანაშაულებში: უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ფედერალურ არჩევნებში უკანონო ხმის მიცემა, აშშ-ის მოქალაქეობის უკანონო გზით მიღების მცდელობა და მოქალაქეობის მიღების პროცესში ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
"ამერიკის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ იმ პირებს აქვთ, რომლებიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. მათ, ვინც შეგნებულად არღვევს ფედერალურ საარჩევნო კანონმდებლობას, უნდა ესმოდეთ, რომ მათ ქმედებებს სერიოზული შედეგები მოჰყვება", - განაცხადა ICE-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორის მოადგილე, მიკა ბოკმა.
ბოკას განმარტებით, კანონი ყველაზე ვრცელდება და ისინი მის აღსრულებას აპირებენ.
"ICE-ს არ შეუძლია უგულებელყოს ფედერალური დანაშაულის შესაძლო შემთხვევები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არჩევნებს უკავშირდება. კანონი ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს და ჩვენ მის აღსრულებას ვაპირებთ", - აღნიშნა ბოკამ.