პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მარკ რუტე – ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინამ მთელი თავისი ტერიტორიის დაბრუნება შეძლოს 06.11.2026 19:44

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინამ მთელი თავისი ტერიტორიის დაბრუნება შეძლოს, - ამის შესახებ რუტემ ნიდერლანდურ ტელეგადაცემაში ისაუბრა.

 

მისივე თქმით, ომი, სავარაუდოდ, სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდება, რასაც შესაძლოა, კომპრომისები დასჭირდეს, თუმცა უკრაინის ტერიტორიულ მომავალზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ თავად უკრაინას ეკუთვნის.

 

„შეიძლება, იმედი ვიქონიოთ, ეს ომი დასრულდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინამ მთელი თავისი ტერიტორია დაიბრუნოს. სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რისი მიღებისთვის იქნება უკრაინა მზად, თავად უკრაინის გადასაწყვეტია. ამის გადაწყვეტა მხოლოდ ზელენსკის და მის მთავრობას შეუძლიათ, უკრაინელი ხალხის სახელით", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

ინტერვიუში რუტემ უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა კიევისთვის ამ ეტაპზე შეუცვლელია.

 

მისი თქმით, ევროპელი ქვეყნები უკრაინას პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ, თუმცა იმ კრიტიკული სამხედრო შესაძლებლობების მიწოდება, რომლებიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვაში სჭირდება, ამჟამად მხოლოდ ამერიკას შეუძლია.

 

ამასთან, რუტემ ჟურნალისტს გაუმხილა, როგორ გაატარებს დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი უკრაინის ლიდერთან განიხილა.

 

„შვეიცარიის მთაზე ავალთ და დავლევთ. შევთანხმდით, რომ მე წითელ ღვინოს წავიღებ", - თქვა რუტემ ნიდერლანდურ ტელეგადაცემაში.

 

რუტემ განმარტა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრები მხოლოდ ოფიციალური მოლაპარაკებებით არ შემოიფარგლება. მისივე თქმით, როდესაც ბრიუსელში ერთმანეთს ხვდებიან, ხშირად საუბრობენ, განიხილავენ მიმდინარე მოვლენებს და ერთმანეთს პირად მდგომარეობასაც უზიარებენ. მარკ რუტეს თქმით, საუბრობენ იმაზეც, როგორ უძლებენ ფიზიკურად და ემოციურად იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რომელიც ორივეს აკისრია.

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ომისა და მძიმე ვითარების მიუხედავად, იუმორის შენარჩუნებას ახერხებს.

 

„მის მიმართ უზარმაზარი პატივისცემა მაქვს. რასაც ის უძლებს, ჩემში უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს", - განაცხადა მარკ რუტემ.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ