11.11.2026 09:56
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა.
წარმომადგენელთა პალატამ 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომლის მიხედვითაც, იმპიჩმენტის რვა მუხლი რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უნდა გადაეცეს. ინიციატივის ავტორმა, კენტუკის შტატის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, თომას მესიმ კოლეგები გააფრთხილა, რომ ამ ნაბიჯით იმპიჩმენტის პროცესი ჩაიშლებოდა.
იმპიჩმენტს დემოკრატები აქტიურად უჭერდნენ მხარს, თუმცა კენჭისყრაში 11 დემოკრატი, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი, არ მონაწილეობდა.
„როიტერის" ცნობით, მათგან რვასაც რომ მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში და შესაბამისი წინადადების წინააღმდეგ მიეცა ხმა, პროცედურული საკითხი ჩავარდებოდა და წარმომადგენელთა პალატას იმპიჩმენტის საკითხზე სრულფასოვანი კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობა ექნებოდა.
კენჭისყრის შემდეგ, თომას მესიმ რესპუბლიკელი კოლეგები „ტიტანიკის" მგზავრებს შეადარა. მისი თქმით, მათ იციან, რომ გემი იძირება, თუმცა მაინც მასზე დარჩენა ურჩევნიათ.