20.11.2026 19:40
ჩვენ შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, ეს არის კარგი დღე ბრიტანეთისთვის და ეს არის კარგი დღე ევროპისთვის, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბარნემმა ევროკავშირის და ბრიტანეთის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მიღწეული შეთანხმება ორმხრივად სარგებლის მომტანი და ბრიტანეთში საზოგადოებრივ აზრთან თანხვედრაშია.
ბარნემი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც „ყოველკვირეული ვაჭრობის ხარჯებზე" არიან შეშფოთებულნი. მისივე თქმით, ბიუროკრატიული პროცედურების ღირებულება ეკონომიკის ზრდის ბარიერს წარმოადგენს.
ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება გაერთიანებული სამეფოს მშპ-ს 0.5 პროცენტით გაზრდის, რაც ბრიტანეთის ეკონომიკისთვის 17 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის სტიმული იქნება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობისა და მონაცემთა გაზიარების შესახებ შეთანხმების კუთხით, რათა შესაძლებელი იყოს იმ დაჯგუფებების საქმიანობის აღკვეთა, რომლებიც ადამიანებს ლა-მანშის სრუტის სახიფათო გადაკვეთაში ეხმარებიან.
„ბოლო ათწლეული ბევრი ადამიანისთვის იყო რთული, მაგრამ ყველაზე რთული ბრიტანელი და ევროპელი ახალგაზრდებისთვის. „ბრექსითმა" ახალგაზრდებს შესაძლებლობები წაართვა, შეზღუდა მათი ჰორიზონტები. ამას მოჰყვა კოვიდ-19 და უფრო მასშტაბური გავლენა", - აღნიშნა ენდი ბარნემმა.
შეგახსნებთ, რომ ევროკავშირი და ბრიტანეთი შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც რამდენიმე პუნქტს მოიცავს. კერძოდ, სურსათისა და სოფლის მეურნეობის შესახებ შეთანხმება ბრიტანული სურსათის ექსპორტზე კონტროლის უმეტეს ნაწილს აუქმებს, სანაცვლოდ კი დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ზოგიერთ რეგულაციას დაიცავს.
ასევე, „ახალგაზრდული გამოცდილების სქემა" ევროკავშირიდან 100 000-მდე ახალგაზრდას საშუალებას მისცემს, სამ წლამდე იმოგზაუროს, იმუშაოს და ისწავლოს დიდ ბრიტანეთში - ამდენივე ახალგაზრდა ბრიტანელს ევროპაში შესვლის უფლება ექნება. ორივე მხარეს სურს უზრუნველყოს, რომ სქემით გათვალისწინებული შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი იყოს არაუგვიანეს 2030 წლის იანვრისა.
იმიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანისა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი ასევე ელოდებიან, რომ მათი სამართალდამცავი უწყებები ერთმანეთს უფრო მეტ მონაცემს გაუზიარებენ.