25.11.2026 10:59
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მადლიერების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ორი ინდაური, „თავისუფლება“ (Liberty) და „ბუმბული“ (Feather), შეიწყალა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეროვნული ინდაურის შეწყალების 79-ე ცერემონია ვაშინგტონში, თეთრი სახლის სამხრეთ მდელოზე გაიმართა. ღონისძიებას დონალდ ტრამპთან ერთად პირველი ლედი მელანია ტრამპი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ესწრებოდნენ.
ინდაურები შეწყალებამდე ერთი დღის განმავლობაში თეთრ სახლში იმყოფებოდნენ. შეწყალების შემდეგ, ინდაურები ტეხასის A&M უნივერსიტეტში გადაიყვანენ, სადაც დარჩენილ ცხოვრებას მშვიდ გარემოში გაატარებენ.
ინდაურის საპრეზიდენტო შეწყალება თეთრი სახლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სადღესასწაულო ტრადიციაა. ცერემონია ყოველწლიურად, მადლიერების დღის წინ, ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს იმართება.
თავდაპირველად, თეთრი სახლისთვის საჩუქრად მიყვანილი ინდაურები პრეზიდენტის სადღესასწაულო სუფრისთვის იყო განკუთვნილი. 1963 წელს ჯონ კენედიმ უარი თქვა ნაჩუქარი ინდაურის დაკვლაზე და იგი ფერმაში დააბრუნა. მოგვიანებით, ტრადიციას ოფიციალური სახე ჯორჯ ბუშ უფროსმა მისცა, რომელმაც განაცხადა, რომ ინდაური სადილად არ იქცეოდა და მას საპრეზიდენტო შეწყალება მიანიჭა.
თეთრ სახლში ყოველწლიურად ორ ინდაურს მიჰყავთ, რომელთა სახელებსაც ამერიკელები ონლაინ გამოკითხვის საშუალებით არჩევენ. ცერემონიის დასრულების შემდეგ ფრინველები სპეციალურ ფერმებში ან უნივერსიტეტების აგრარულ ცენტრებში გადაჰყავთ, სადაც სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლად ცხოვრობენ.