28.07.2026 13:48
ევროკავშირი რაღაც საკრალური ადგილია, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება? სრული უფლება მაქვს, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, არ მოვიწონო რეფორმები, რომლებიც თეორიულად, შეიძლება, ევროკავშირმა გაატაროს. არა მხოლოდ უფლება მაქვს, არამედ ვალდებულება, რადგან ჩემს ხალხს უნდა ავუხსნა, რა ტიპის გაერთიანებაში მიმყავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს გერმანიის ინიციატივაზე, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესი გაუქმდეს.
„ამ მიმართულებით როცა დავიძარით, მაშინ ევროკავშირის თამაშის წესები და პირობები სხვა იყო. ახლაც იგივე წესებია, ჯერ არ შეცვლილა, მაგრამ სწორია საუბარი საფრთხეზე, რომ შეიძლება, შეიცვალოს. დარწმუნებული ვარ, ამაზე ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა ისაუბრებს, რადგან სუვერენიტეტი ილახება, განსაკუთრებით პატარა ქვეყნების შემთხვევაში. ამ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდებათ, რადგან ეჭვი მაქვს, საკითხმა ევროკავშირში სრული კონსენსუსი მოიპოვოს. მეორეხარისხოვან ქვეყნად ნუ უყურებენ საქართველოს, რომელიც ცალ ფეხზე უნდა იდგეს და რამე თუ არ მოსწონს, ამაზე არ ისაუბროს. ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელიც გაერთიანებაში შესვლას აპირებს. არ მოგვწონს, რომ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, თამაშის წესები შეიცვალოს, როცა ჩვენი გაწევრიანების საკითხი დადგება. დარწმუნებული ვარ, ევროპული ქვეყნები ამ მიმართულებით თავიანთ სიტყვას იტყვიან", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :