17.08.2026 14:59
ვფიქრობ, ყარაბაღის საკითხი და ამ შემთხვევაში ეს ტრავმული მეხსიერება არაფერ შუაშია აფხაზეთთან. ნიკა გვარამიას შეფასება კი არა, პრობლემა ამ ქვეყანაში გახლავთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომელიც ბოდიშებს უხდის ოკუპანტებს, სეპარატისტებს და იმ ადამიანებს, ვინც ეთნოწმენდით იყვნენ დაკავებულები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „საკითხის დაყენება ისე, თითქოს პრობლემა კონკრეტული ოპოზიციური პიროვნების მიერ გაკეთებული განცხადებაა და არა ის პოლიტიკა, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება აწარმოებს, საკითხის არასწორად დასმაა".
„არავითარ კავშირში არ არის ყარაბაღის პრობლემა და ტრავმული მეხსიერება აფხაზეთის საკითხთან, აბსოლუტურად განსხვავებული ამბებია. ვეთანხმები იმაში, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლური ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. გარკვეულ პარალელებში არ ვეთანხმები, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ ამ საკითხებზე ასეთი აქცენტირება არის არასწორი იმ პირობებში, როდესაც გვყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ბოდიშს უხდის ოკუპანტს და ატარებს აბსოლუტურად კაპიტულანტურ პოლიტიკას", - განაცხადა ფავლენიშვილმა.
„ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფორმულას" ეთერში განაცხადა: „ფაშინიანით სინამდვილეში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან შეძლო ტრავმების დამარცხება, რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ".
ავტორ(ებ)ი :