20.10.2026 17:24
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხუთი თანამშრომელი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს პაატა შავიშვილს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ირაკლი აფხაიძეს, მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსს ალექსანდრე არაბულს, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს ალექსანდრე ამბოკაძეს, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს მარიამ ყაველაშვილს.
დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქვეყნის განვითარებისა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„სახელმწიფოს სიძლიერე იწყება იქ, სადაც მას საკუთარი რეალობის ზუსტი, ობიექტური და სიღრმისეული აღქმა აქვს. თანამედროვე ინფორმაციულ ეპოქაში ქვეყნის განვითარების სწორი კურსი, უპირველეს ყოვლისა, მიუკერძოებელ, დამუშავებულ და ზუსტ მონაცემებს ეფუძნება", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში სტატისტიკის სახელმწიფო ინსტიტუტის ისტორიულ განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მისი ჩამოყალიბება 1919 წელს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს უკავშირდება.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების მეთოდები მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა უცვლელი დარჩა სტატისტიკის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული პასუხისმგებლობა და ქვეყნის წინაშე ერთგულება.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა საზოგადოებისათვის სანდო და ხელმისაწვდომი სტატისტიკური ინფორმაციის მნიშვნელობაზეც. მისი შეფასებით, ობიექტური მონაცემები ხელს უწყობს მოქალაქეთა ინფორმირებულობას და ამცირებს ინფორმაციული მანიპულაციის შესაძლებლობას.