ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„ამ მართლა შიზოიდის და მანქურთის ბოდვებზე ასეთი შესავალი იმიტომაც დამჭირდა, რომ ის ახმოვანებს ოპოზიციის იმ გეგმას, რასაც ქვეყანაში არეულობის შემოტანა სურს“ 04.12.2019 20:50

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

ნაციონალური მოძრაობა და მასთან აფილირებული პოლიტიკური ბომონდი როგორც ჩანს გადადის ძალადობრივი განვითარების ახალ სცენარზე. ნაციონალური ფლანგის მედია რუპორი ნიკა გვარამია, სამაუწყებლო ბადიდან უკვე ღიად აცხადებს, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება კი არ მიმდინარეობს, არამედ ეს არის „უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების და მანქურთების თავდასხმა ქვეყნის მოსახლეობაზე“ და რადგან თურმე ეს „უზურპატორი“ არც თავისი ნებით მიდის, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ, თორემ სამშობლოს ვკარგავთო! ამ მართლა შიზოიდის და მანქურთის ბოდვებზე ასეთი შესავალი იმიტომაც დამჭირდა, რომ ის ახმოვანებს ოპოზიციის იმ გეგმას, რასაც ქვეყანაში არეულობის შემოტანა სურს. რენეგატების ეს ჯგუფი რომ ყველაფერზე წამსვლელია, ამ ვითომდა „მედასავლეთეების“ ნავში მჯდომი ქალბატონის რუსეთში სასწრაფოდ გამგზავრებაც კმარა. სწორედ ეს არის ის ღია რევანშისტული ნარატივი, რომლის დროშითაც ნაციონალებს სურთ ხელისუფლებაში ძალადობრივი და არაკონსტიტუციური გზით დაბრუნება. თეორიულადაც რომ დავუშვათ, შედეგები ამ სახის სცენარის დადგომისას ქვეყნისათვის კატასტროფული იქნება.

 

ცნობილია, რომ აქციები თუ პერმანენტულ ხასიათს ატარებს, რაც არეულობებში და დესტაბილიზაციაში გადადის, რასაც თან სდევს მედია საშუალებების ნაწილის აშკარად ღია მოწოდებები ხელისუფლების დამხობისაკენ, ეკონომიკაზე არა თუ საშუალო ვადიან პერიოდში, არამედ გაცილებით მოკლე ვადაში აისახება ნეგატიურად. სხვა მაგალითებს თავი რომ დავანებოთ, ჰონგკონგის მაგალითიც იკმარებს. ჰონგკონგი, რომელიც აზიაში ბოლო ათწლეულში წამყვანი ეკონომიკა იყო, წლის დასაწყისიდან მოყოლებული საპროტესტო გამოსვლების შედეგად, შევიდა რეცესიაში და მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მშპ -ის ვარდნამ 3.2 % შეადგინა, ხოლო მომავლის პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანია და ისიც მხოლოდ უარყოფითი მიმართულებით. ხაზი მსურს გავუსვა, ამ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი თავისი ხასიათით არ გასულა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და აშკარად განსხვავდება ჩვენთან მიმდინარე აქციების რევოლუციური სცენარისაგან, რომელიც უკვე არსებული ხელისუფლების დამხობის ღია მოწოდებებზე არის გადასული.

 

ნაციონალების დროშის ქვეშ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში მიმდინარე და გაგრძელებადი საპროტესტო გამოსვლები პიკეტირებებით, რაც ხშირად აშკარად სცილდება სიტყვის თავისუფლების ჩარჩოებს და ღია დაპირისპირების პროვოცირებაში და აგრესიაშია გადასული, ბუნებრივია, ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე და არა მხოლოდ ინვესტიციების შემცირების თვალსაზრისით. ამ ტიპის ულტიმატუმების ენაზე ორიენტირებული და რევანშიზმის ელემენტებით გაჯერებული სტრატეგიის პროტესტი, იწვევს სტრესებს და აგრესიას საზოგადოებაში, რაც არა მხოლოდ ინვესტიციებზე, არამედ მთლიანად ეკონომიკაზე აისახება უარყოფითად.

 

ამიტომ, შემთხვევითი არ იყო, რომ ჯერ კიდევ 20 ივნის განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გაცვლით კურსზე უარყოფითად აისახა როგორც ტურისტული შემოსავლების კლების მოლოდინი, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებული მაჩვენებლები. ან ასეთი დაპირისპირების პროვოცირებისას რომელი ინვესტორი შემოვა ქვეყანაში. სწორედ ამის შედეგია, რომ თავის მხრივ, ლარის გაუფასურება მაღალი იმპორტდამოკიდებულების გამო, აისახება იმპორტის გაძვირებაზე, როგორც მედიკამენტებზე, ასევე სასურსათო საქონელზე მთლიანად და შესაბამისად, ინფლაციის მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება. განსაკუთრებით, ბოლო ორ თვეში ინფლაციის მაღალი 7 %-იანი მაჩვენებელიც ამის ნათელი მაგალითია და პოლიტიკური არასტაბილურობის მაღალი ფასიც სწორედ ამაშია ასახული.

 

უკვე ღიად ჩანს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე გამოკიდება მხოლოდ შირმაა და მეტი არაფერი. ამ სახის რადიკალური მოწოდებებით, ნაციონალების და ევროსაქების მიზანიც ეს არის, ქუჩის პროტესტის გაგრძელებით და პერმანენტული დაძაბულობის კერების შექმნით, მოხდეს ეკონომიკის ზრდის შენელება, რასაც წინასაარჩევნოდ მოყვება სოციალური ფონის დამძიმება, და რაც გახდება სოციალური უკმაყოფილების და მასიური საპროტესტო გამოსვლების და არჩევნებზე ქართული ოცნების დამარცხების საფუძველი, რადგან თუ რა წესით ჩატარდება არჩევნები, ვერ გახდა მოსახლეობის გარეთ გამომყვანი საერთო ეროვნული ფაქტორი. მიმაჩნია, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის მიუხედავად, ოპოზიციისაგან განსხვავებით, დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანა სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ხელისუფლება უნდა იყოს პრინციპულიც და სამართლიანიც, საკუთარი დღის წესრიგის ფორმირებით და ყველაფერი უნდა გააკეთოს მიმდინარე პროცესების პოლიტიკური ტემპერატურის დასაწევად, საერთაშორისო საზოგადოების, აქ პირველ რიგში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ვგულისხმობ, მაქსიმალური ჩართულობით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ